რაგბი | ბორჯღალოსნები სამოასთან მატჩისთვის ემზადებიან - ღია ვარჯიში და კომენტარები #1TVSPORT
რაგბი | ბორჯღალოსნები სამოასთან მატჩისთვის ემზადებიან - ღია ვარჯიში და კომენტარები #1TVSPORT

12 ნოემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე“, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების მეორე მატჩს სამოას ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ თამაშისთვის „ბორჯღალოსნები“ „შევარდენის“ ბაზაზე ემზადებიან.

6 ნოემბერს ურუგვაისთან მატჩისას (34:18) მუხლის ტრავმა მიიღო გიორგი კვესელაძემ და ამის გამო მას დაახლოებით ორი თვე გაუცდება. მცირე დაზიანება აქვს და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს ურუგვაისთან სამი ლელოს გამტანი ბექა გორგაძე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის სამოასთან მატჩისთვის მზად იქნება.

9 ნოემბერს „ბორჯღალოსნებმა“ გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართეს.

„სამოა ფიზიკურად ძლიერი გუნდია და რთული თამაში გველის. ამ კვირაში ჩვენი მთავარი საზრუნავი ენერგიის აღდგენა და საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში შესვლაა. ასევე ვიმუშავებთ ურუგვაისთან დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე. ვარჯიშებზე დიდი ყურადღება დავუთმეთ დერეფანში თამაშს და დარწმუნებული ვარ, სამოასთან ამ კომპონენტში ბევრად უკეთესად ვითამაშებთ“ – განაცხადა დერეფნის მწვრთნელმა პოლ ტიტომ.

„მართალია, 5 ნოემბერს სამოამ იტალიასთან დიდი სხვაობით წააგო (17:49), მაგრამ ძალიან კარგი გუნდია და რთულ შეხვედრას ველით. მოსამზადებლად მოკლე კვირა გვაქვს, მხოლოდ ორი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მოვახერხეთ. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მზად ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ურუგვაისთან ბევრი ბურთი დავკარგეთ და ვარჯიშებზე ამ კომპონენტს დიდი ყურადღება დავუთმეთ. იმედი მაქვს, სამოასთან ბურთს მეტად შევინარჩუნებთ და მაყურებელიც უფრო ლაღ და სანახაობრივ შეხვედრას იხილავს“ – განაცხადა თედო აბჟანდაძემ.