რაფაელ ნადალს სეზონის ლიდერობის შანსი აქვს
რაფაელ ნადალს სეზონის ლიდერობის შანსი აქვს

რაფაელ ნადალი ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ გაინაღდოს 2019 წლის სეზონის დასრულება პირველი ჩოგნის რანგში. ამისთვის საჭიროა, ესპანელმა მოუგოს პარიზის „მასტერსის“ ნახევარფინალში კანადელ დენის შაპოვალოვს, ხოლო მეორე ნახევარფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დამარცხდეს ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან. არსებობს მეორე ვარიანტი – ნადალი წლის ბოლოს პირველი იქნება ფინალში ჯოკოვიჩის დამარცხების შემთხვევაში.

ესპანელმა პარიზის „მასტერსის“ მეოთხედფინალში 7:6(4), 6:1 მოუგო ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას და 2013 წლის შემდეგ პირველად გავიდა ამ ტურნირის ნახევარფინალში. ნადალმა პირველ მოწოდებაზე მხოლოდ სამი ქულა წააგო და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა ფრანგს. პირველ სეტში ვერც რაფამ მოიპოვა ბრეიკ-პოინტი და ტაი-ბრეიკზე მოიგო, მეორეში კი ორი ბრეიკ-პოინტიდან ორივე გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ნადალს 11-დან 11 მეოთხედფინალი აქვს მოგებული.

მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა და გრიგორ დიმიტროვმა. სერბმა 6:1, 6:2 გაანადგურა ბერძენი სტეფანოს ციციპასი, ბულგარელმა კი 6:2, 7:5 მოუგო ჩილელ კრისტიან გარინს.

ნახევარფინალები შაბათს გაიმართება.