რაფაელ ნადალმა როლან გაროსზე ზედიზედ 32 სეტი მოიგო და „დიდ სლემზე“ 50-ე მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა როლან გაროსზე ზედიზედ 32 სეტი მოიგო და „დიდ სლემზე“ 50-ე მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT

რაფაელ ნადალი 50-ედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალში. ესპანელმა ამ ზღვარს როლან გაროსის მესამე წრეში ბრიტანელი კემერონ ნორის დამარცხებით მიაღწია – 6:3, 6:3, 6:3. ჩოგბურთელებმა კორტზე ორი საათი და რვა წუთი დაჰყვეს.

ნადალს ნორის სახით სერიოზული მეტოქე ჰყავდა. ბრიტანელმა წელს ტურში 26 მატჩის მოგება მოასწრო და გრუნტის ორი ტურნირის ფინალში იყო – ეშტორილსა და ლიონში.

ნორიმ მხოლოდ მესამე სეტში შეუქმნა პრობლემები როლან გაროსის 13-გზის ჩემპიონს – სტარტზე ზედიზედ ორი ბრეიკის შესრულება შეძლო, მაგრამ 1:3-დან ნადალმა ზედიზედ ხუთი გეიმის აღება მოახერხა.

ესპანელმა 12-დან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ბრიტანელმა – სამიდან ორი. რაფამ პირველი მოწოდებით ქულების 79 პროცენტი აიღო, 35 „ვინერსი“ და 29 უნებლიე შეცდომა დააგროვა.

რაფაელ ნადალი მესამე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინ „დიდ სლემზე“ 50 მერვედფინალში გააღწია. მასზე წინ არიან როჯერ ფედერერი (67) და ნოვაკ ჯოკოვიჩი (54).

ნადალის შემდეგი მეტოქე იტალიელი იანიკ სინერი იქნება. ეს ჩოგბურთელები შარშან, როლან გაროსის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ესპანელმა სამ სეტში მოიგო. სხვათა შორის, რაფას საფრანგეთის ღია პირველობაზე ზედიზედ 32 სეტი აქვს მოგებული – ეს სერია 2019 წლის ფინალიდან იღებს სათავეს.

დატოვე კომენტარი