რაფაელ ნადალმა როლან გაროსზე მე-12 ტიტული მოიპოვა
რაფაელ ნადალმა როლან გაროსზე მე-12 ტიტული მოიპოვა

„როლან გაროსის“ მამაკაცთა ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ თამაშობდნენ რაფაელ ნადალი და დომინიკ ტიმი.

ნადალი ტიმთან ურთიერთშეხვედრებში წინ იყო – 8:4. ესპანელი „როლან გაროსზე“ 3:0-ს (9:0 სეტებში) უგებდა ავსტრიელს. თუმცა, ზედიზედ ოთხი სეზონია, ტიმი გრუნტზე ერთ მატჩს აუცილებლად უგებს ლეგენდარულ მეტოქეს. წელს ასეთი რამ მოხდა ბარსელონას ტურნირის ნახევარფინალში.

შარშანდელ ფინალთან შედარებით, ტიმი წინ წავიდა – ერთი სეტი მოიგო, მაგრამ მეტი ვერაფრით დაიკვეხნის.

პირველი სეტი მძიმე ბრძოლით აღინიშნა. გეიმები იყო ხანგრძლივი და თითოეულში დიდი ბრძოლა მიდიოდა. ტიმი არაფერს უთმობდა ესპანელს და პირველი ბრეიკიც მან შეასრულა – 3:2. თუმცა, ამას მოჰყვა ნადალის მხრიდან ზედიზედ ოთხი გეიმის აღება და პირველი სეტის მოგება.

მეორე სეტში ჩოგბურთელებმა ძალიან იოლად დაიწყეს საკუთარი გეიმების აღება – პირველ 11 გეიმში ნადალმა ტიმის მოწოდებაზე ხუთი ქულა მოიგო, ტიმმა კი მხოლოდ ერთი (!). შესაბამისად, ტაი-ბრეიკის თამაში გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მე-12 გეიმში ტიმმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ის გამოიყენა, რითაც სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

პარტიის მოგებამ, შეიძლება ითქვას, თავი დააკარგვინა ტიმს. ავსტრიელმა საერთოდ დაკარგა კონცენტრაცია – მესამე სეტი ზედიზედ 11 (!) ქულის წაგებით დაიწყო და პარტიის ბოლომდე გონს ვეღარ მოვიდა. ამ სეტში რაფამ ყველა გათამაშება მოიგო თავის მოწოდებაზე, ჯამში მხოლოდ შვიდი ქულა დათმო, ორად ორი შეცდომა დაუშვა და სამი ბრეიკი შეასრულა.

ბუნებრივია, ტიმმა ფსიქოლოგიური შოკი მიიღო, მაგრამ ბოლომდე ხელები არ ჩამოუშვა. მეოთხე სეტის პირველ გეიმში ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ვერ გამოიყენა, შემდეგ წააგო საკუთარი მოწოდება, მესამე გეიმში კი ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ნადალმა აქედანაც მოახერხა გამოძვრომა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მეორე სეტის წაგების შემდეგ, რაფამ მომდევნო 10 გეიმიდან ცხრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. ესპანელს შეეძლო ამ სერიის გაგრძელება, მაგრამ ტიმმა მეოთხე გეიმი 0:40-დან გადაარჩინა.

ნადალი ბრეიკით იყო წინ და ისღა რჩებოდა საკუთარი მოწოდება შეენარჩუნებინა და ტიტული მას დარჩებოდა. რაფაელმა ეს ამოცანა გადაჭარბებით შეასრულა – კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა – 6:3, 5:7, 6:1, 6:1. შეხვედრა ზუსტად სამი საათი გაგრძელდა.

ნადალმა მე-12 ფინალი ითამაშა როლან გაროსზე და მე-12 გამარჯვებას მიაღწია ფრანგულ „მეოჯორზე“. „დიდი სლემის“ ტურნირებზე მას 18 მოგება დაუგროვდა და ისევ ორით ჩამორჩება აბსოლუტურ რეკორდსმენ როჯერ ფედერერს. 15 გამარჯვებით მესამე ადგილზეა ნოვაკ ჯოკოვიჩი.

დატოვე კომენტარი