რაფაელ ნადალმა როლან გაროსი სამსეტიანი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა როლან გაროსი სამსეტიანი მოგებით დაიწყო #1TVSPORT

ესპანელმა რაფაელ ნადალმა მოგებით დაიწყო როლან გაროსი. ტურნირის 13-გზის ჩემპიონმა სამ სეტში დაამარცხა ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი – 6:3, 6:2, 7:6(3).

ნადალმა პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ის გამოიყენა, რაც საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად. ესპანელს არც მეორე სეტში ჰქონია პრობლემები – თავიდანვე შეასრულა ორი ბრეიკი და მოიგერია მეტოქის ერთადერთი ბრეიკ-პოინტი.

სამაგიეროდ, მესამე სეტში პოპირინმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა „გრუნტის მეფეს“. მეექვსე გეიმში მან ბრეიკი შეასრულა და 5:3-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ავსტრალიელს მეცხრე გეიმში ორი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ პირველ შემთხვევაში ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეორე ცდაზე კი იოლი ბურთი კორტს ააცილა. საბოლოოდ, რაფამ უკუბრეიკი შეასრულა და სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ნადალმა 0:1-ზე ზედიზედ ექვსი ქულა აიღო და აღარ გასჭირვებია როლან გაროსზე 101-ე მატჩის მოგება.

შეხვედრა ორი საათი და 26 წუთი გაგრძელდა. ნადალმა პირველ მოწოდებაზე ქულების 82 პროცენტი მოიგო, 11-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, 28 „ვინერსი“ დაააგროვა და 23 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მის მეტოქეს ოთხი ბრეიკ-პოინტი და ერთი ბრეიკი ჰქონდა.

მეორე წრეში რაფაელ ნადალის მეტოქე ფრანგი რიშარ გასკე იქნება.

დატოვე კომენტარი