რაფაელ ნადალმა მონტე კარლოში სენსაციურად წააგო
რაფაელ ნადალმა მონტე კარლოში სენსაციურად წააგო

მონტე კარლოს „მასტერსის“ ნახევარფინალური ეტაპი სენსაციურად დასრულდა. ტურნირის 11-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი ორ სეტში იტალიელ ფაბიო ფონინისთან – 4:6, 2:6 დამარცხდა.

ნადალმა სტარტზე 3:1 დაწინაურება მოახერხა, მაგრამ ფონინიმ მომდევნო 14 გეიმიდან 11 მოიგო და კარიერაში მეოთხედ დაამარცხა ესპანელი ჩოგბურთელი. მატჩი საათი და 36 წუთი გრძელდებოდა და მონაკოში ნადალის 18-მატჩიანი და 25-სეტიანი მოგებათა სერია შეწყდა.

რაფამ ძალიან ცუდად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – პირველ ბურთზე ქულების მხოლოდ 44 პროცენტი აიღო, მეორეზე – 39 პროცენტი, მეტოქეს 10 ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა და ექვსჯერ დათმო საკუთარი მოწოდება.

საინტერესოა, რომ ფონინი მონაკოს ტურნირს გრუნტზე ხუთმატჩიანი წაგებით შეხვდა, პირველ წრეში კი 4:6, 1:4-დან შემოატრიალა მატჩი რუსი ანდრეი რუბლიოვის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ერთმანეთის მიყოლებით დაამარცდა ალექსანდრ ზვერევი, ბორნა ჩორიჩი და ნადალი.

ფინალში ფონინი სერბ დუშან ლაიოვიჩს შეხვდება, რომელიც ნახევარფინალში რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა – 7:5, 6:1. აღსანიშნავია, რომ ლაიოვიჩმა პირველი სეტი 1:5-დან მოიგო. სერბს მონტე კარლოში, ჯერჯერობით, სეტი არ აქვს წაგებული.