რაფაელ ნადალმა მხოლოდ ექვსი გეიმი დათმო | უიმბლდონი 2019
რაფაელ ნადალმა მხოლოდ ექვსი გეიმი დათმო | უიმბლდონი 2019

ძალიან იოლად გაიარეს უიმბლდონის მერვედფინალის ბარიერი მამაკაცთა ტურნირის ფავორიტებმა.

„დიდი სამეულიდან“ პირველი კორტზე რაფაელ ნადალი გავიდა. ესპანელი აგრძელებს დამაჯერებელ სვლას. რაფაელმა სულ რაღაც საათსა და 45 წუთში 6:2, 6:2, 6:2 გაანადგურა პორტუგალიელი ჟოაო სოუზა. ნადალი 39-ედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირის მეოთხედფინალში, აქედან ბოლო რვა ჩემპიონატში ზედიზედ.

ისევე, როგორც წინა წრეში, ნადალმა ახლაც ძალიან დამაჯერებლად და საიმედოდ ითამაშა. 30 „ვინერსი“ და მხოლოდ 10 უნებლიე შეცდომა ამის დამადასტურებელია. რაფამ თავის გეიმებში ქულების 78 პროცენტი აიღო და ერთ ბრეიკ-პოინტამდეც არ მიუშვა მეტოქე.

ნიკ კირგიოსთან მეორე წრეში რთული მატჩის შემდეგ, ნადალმა ჟო-ვილფრიდ ცონგასთან და სოუზასთან მატჩებში მხოლოდ 13 გეიმი დათმო.

ნადალის შემდეგი მეტოქე ამერიკელი სემ კუერი იქნება.