რაფაელ ნადალმა მესამე სეტი 2:5-დან მოიგო და 2022 წელს ისევ დაუმარცხებელია #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა მესამე სეტი 2:5-დან მოიგო და 2022 წელს ისევ დაუმარცხებელია #1TVSPORT

ინდიან უელსის „მასტერსზე“ მეორე წრიდან ფავორიტები ჩაებნენ ბრძოლაში. ყველაზე რთულად მესამე რაუნდში თამაშის უფლება ესპანელმა რაფაელ ნადალმა მოიპოვა, რომელმაც ფაქტობრივად წაგებული მატჩი გადაარჩინა ამერიკელი სებასტიან კორდას წინააღმდეგ.

ნადალს პირველ სეტში პრობლემები არ შექმნია და საწყისი პარტია ორმაგი ბრეიკით 6:2 მოიგო. მაგრამ მეორე სეტის სტარტიდან მოყოლებული მომდევნო 14 გეიმში კორდამ 11 მოიგო და 2:6, 6:1, 5:2 დაწინაურდა. მას ორჯერ ჰქონდა მატჩზე ჩაწოდების საშუალება, მაგრამ ნადალმა ორივეჯერ უკუბრეიკი შეასრულა, თავისი გეიმებიც აიღო და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც მინიბრეიკით 2:3-ს აგებდა, მაგრამ ზედიზედ ხუთი გათამაშება მოიგო და მესამე წრეში გავიდა – 6:2, 1:6, 7:6(3). შეხვედრა ორსაათნახევარი გაგრძელდა.

ეს არ იყო ნადალის საუკეთესო მატჩი 2022 წლის სეზონში. მან რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდებით ქულების მხოლოდ 61 პროცენტი აიღო, მეორეთი – 51 პროცენტი. მეტოქეზე თითქმის ორჯერ ნაკლები ბრეიკპოინტი ჰქონდა – ექვსი 11-ის წინააღმდეგ. ორივემ ოთხ-ოთხი ბრეკის შესრულება შეძლო.

მიუხედავად ამისა, ნადალი აგრძელებს კარიერაში სეზონის საუკეთესო სტარტს – ესპანელს 16-დან 16 მოგება აქვს, კორდასთან მატჩამდე კი ზედიზედ 13 სეტი ჰქონდა მოგებული.

მესამე წრეში ნადალის მეტოქე ბრიტანელი დანიელ ევანსი იქნება.