რაფაელ ნადალმა კარიერის რეკორდი დაამყარა და აკაპულკოს ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა კარიერის რეკორდი დაამყარა და აკაპულკოს ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა მეორე მატჩი მოიგო მექსიკის ქალაქ აკაპულკოში ATP500 კატეგორიის ტურნირზე და მეოთხედფინალში გავიდა. ესპანელმა საათსა და 17 წუთში 6:0, 6:3 დაამარცხა მსოფლიოს 130-ე ჩოგანი, ამერიკელი სტეფან კოზლოვი.

რაფამ შეხვედრა ზედიზედ შვიდი გეიმის მოგებით დაიწყო და 6:0, 1:0 დაწინაურდა. პირველ სეტში მან ოთხიდან სამი ბრეიკპოინტი გამოიყენა და სამჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, მეორე სეტში კი მეოთხე გეიმში შეასრულა ბრეიკი და თითქოს უბრძოლველად უნდა მოეგო ეს პარტიაც, მაგრამ კოზლოვმა მეშვიდე გეიმში უკუბრეიკი აიღო. მიუხედავად ამისა, ამერიკელმა ტაი-ბრეიკამდე მისვლაც ვერ შეძლო, რადგან მომდევნო გეიმში მატჩში მეხუთედ წააგო საკუთარი მოწოდება და შემდეგ, ნადალმა მატჩზე ჩააწოდა.

ეს ამ სეზონში ნადალის მე-12 მატჩი და მე-12 მოგება იყო. წლის ასეთი დასაწყისი მას არასოდეს ჰქონია. საუკეთესო შედეგი 11-დან 11 მოგება იყო 2014 წელს და ეს სერია ავსტრალიის ღიას ფინალში სტენ ვავრინკასთან წაგებით შეწყდა.

მეოთხედფინალში ნადალი ამერიკელ ტომი პოლს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში სერბი დუშან ლაიოვიჩი დაამარცხა – 7:6(6), 2:6, 7:5.

აკაპულკოს ტურნირზე მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:

მედვედევი (1)-ნიშიოკა

ნადალი (4)-პოლი

ციციპასი (3)-ჯირონი

ნორი (6)-გოიოვჩიკი