რაფაელ ნადალმა კარიერაში 91-ე ტიტული მოიგო - ესპანელს ამ სეზონში სამი ტიტული და 15-დან 15 მატჩი აქვს მოგებული #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა კარიერაში 91-ე ტიტული მოიგო - ესპანელს ამ სეზონში სამი ტიტული და 15-დან 15 მატჩი აქვს მოგებული #1TVSPORT

რაფაელ ნადალმა 2022 წლის სეზონში მესამე და კარიერაში 91-ე ტიტული მოიპოვა. აკაპულკოს ATP500 კატეგორიის ტურნირის ფინალში ესპანელმა ორ სეტში დაამარცხა ბრიტანელი კემერონ ნორი – 6:4, 6:4.

ნადალს ამ სეზონში 15-დან 15 მატჩი აქვს მოგებული, ავსტრალიის ღიას ფინალიდან მოყოლებული კი ზედიზედ 13 სეტი არ წაუგია.

კემერონთან ფინალის პირველ სეტში ნადალმა ერთადერთი ბრეიკპოინტი მეხუთე გეიმში გამოიმუშავა და შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, ნორის კი ესპანელის გეიებში შანსი არ ჰქონია.

მეორე სეტი ნადალმა ბრეიკით დაიწყო, თუმცა იქვე ბრიტანელმა უკუბრეიკი შეასრულა. მიუხედავად ამისა, ნორიმ ვერ შეძლო გარდატეხის შეტანა. რაფამ ზედიზედ ორი ბრეიკი აიღო და 5:2 დაწინაურდა. მართალია, პირველ ჯერზე ესპანელმა მატჩზე ვერ ჩააწოდა და ნორიმ ისევ შეასრულა ბრეიკი, მაგრამ 5:4-ზე ნადალმა შეძლო საკუთარი გეიმის აღება და აკაპულკოში მეოთხე ტიტული მოიპოვა.

ჩოგბურთელებს ხუთ-ხუთი ბრეიკპოინტი ჰქონდათ. ნადალმა ოთხი შანსის გამოყენება შეძლო, ნორიმ – ორის. ესპანელმა შესანიშნავად ითამაშა პირველ მოწოდებაზე – პირველ სეტში მოწოდების სიზუსტე 89 პროცენტი ჰქონდა და ქულების 79 პროცენტი აიღო, მატჩის ბოლოს კი ეს მონაცემები იყო – 79 და 71 პროცენტი.

ნადალისთვის ეს იყო ზედიზედ მოგებული მე-11 ფინალი. სულ ესპანელს 128 ფინალში უთამაშია და 91 ტიტული აქვს აღებული.