რაფაელ ნადალმა აბუ დაბის ტურნირი მოიგო
რაფაელ ნადალმა აბუ დაბის ტურნირი მოიგო

აბუ დაბიში დასრულდა ჩოგბურთში საჩვენებელი ტურნირი, რომელიც ესპანელმა რაფაელ ნადალმა მოიგო. ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სამ საათსა და 15 წუთში დაამარცხა ბერძენი სტეფანოს ციციპასი – 6:7(3), 7:5, 7:6(3).

პირველ სეტში ციციპასმა შვიდი ბრეიკ-პოინტი გაანიავა, რის შემდეგაც ნადალმა პირველივე ცდაზე შეასრულა ბრეიკი და 5:4 დაწინაურდა, მეათე გეიმში კი ორი სეტბოლი მიიღო, მაგრამ ბერძენმა უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ტაი-ბრეიკი მოიგო.

მეორე პარტიაში ციციპასმა მერვე გეიმში ორი დაფარული მატჩბოლი მიიღო, მაგრამ ნადალმა შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება, მე-12 გეიმში კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი პირველს ჰგავდა – ისევ პირველი ბრეიკი ნადალმა აიღო, ციციპასმა უკუბრეიკი შეასრულა და საქმე კვლავ ტაი-ბრეიკზე მივიდა, რომელშიც უკვე ნადალს ჰქონდა უპირატესობა.

ბრეიკ-პოინტების რაოდენობით ციციპასმა ორჯერ აჯობა ნადალს – 13 6-ის წინააღმდეგ, მაგრამ ესპანელმა სამი ბრეიკი შეასრულა, ბერძენმა – მხოლოდ ორი.

ნადალმა მეხუთედ მოიგო აბუ დაბის ტურნირი და ლიდერი გახდა ამ მაჩვენებლით. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში რაფამ ორ სეტში მოუგო რუს კარენ ხაჩანოვს, ციციპასმა კი სამ სეტში დაამარცხა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ფინალამდე გამართულ მესამე ადგილისთვის მატჩში ჯოკოვიჩმა 7:5, 6:3 დაამარცხა ხაჩანოვი.