რაფაელ ნადალი ტორონტოს ნახევარფინალშია
რაფაელ ნადალი ტორონტოს ნახევარფინალშია

ტორონტოში მიმდინარე „​მასტერსზე“ ყველა ნახევარფინალისტი გამოვლენილია. მეოთხედფინალში რთული ბრძოლის გადატანა მოუწია მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ესპანელ რაფაელ ნადალს. ის ხორვატ მარინ ჩილიჩს ხვდებოდა და ორი საათი და 21 წუთი ბრძოლის შემდეგ, სამ სეტში მოიგო – 2:6, 6:4, 6:4.
ნადალმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, 13 ბრეიკ-პოინტიდან ათის მოგერიება მოახერხა, თავად კი ექვსიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ჩილიჩს 13-ივე ბრეიკ-პოინტი პირველ ორ სეტში ჰქონდა, მესამე პარტიაში კი ნადალმა მას მიღებაზე შანსი არ დაუტოვა.

მეოთხედფინალური მატჩებიდან აღსანიშნავია ბერძენი სტეფანოს ციციპასის მორიგი ტრიუმფი. ნოვაკ ჯოკოვიჩის ძლევის შემდეგ, მან ტურნირის მეორე ნომერი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა, თან ორი მატჩბოლი მოიგერია – 3:6, 7:6(11), 6:4.

ნახევარფინალებში ხვდებიან:

ნადალი (ესპ, 1)-ხაჩანოვი (რუს)
ციციპასი (საბ)-ანდერსონი (ს. აფრ, 4).