რაფაელ ნადალი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს #1TVSPORT
რაფაელ ნადალი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ გამოტოვებს 2021 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილს.

„სიმართლე ითქვას, წელს ტრავმებმა იმაზე მეტად შემაწუხა, ვიდრე ამას ველოდი, ამიტომაც დრო მჭირდება აღდგენისთვის. გუნდთან და ოჯახთან მსჯელობის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება – ვადაზე ადრე დავასრულო 2021 წლის სეზონი, რათა მოვირჩონო ყველა ტრავმა და ახალ სეზონს სრულად გამოჯანმრთელებული შევხვდე. წელს ბევრი ტურნირი გამოვტოვე, რომლებიც ძალიან მენატრებოდა: უიმბლდონი, ოლიმპიური თამაშები, ახლა ამ სიას აშშ-ის ღია პირველობაც დაემატება. სეზონის განმავლობაში არ მქონდა ვარჯიშის, მზადებისა და ისეთი ჩოგბურთის თამაშის შესაძლებლობა, რომელიც რეალურად შემიძლია.

ბოლოს და ბოლოს, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ დრო მჭირდება აღდგენისთვის. რაღაცეები უნდა შევცვალო და უნდა გავიგო, რა მოუვიდა ჩემს ტერფს ბოლო პერიოდში – ეს არ არის ახალი ტრავმა, ის 2005 წლიდან მაწუხებს, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ამ წლებში ჩემი კარიერის განვითარებისთვის. დიდი  ენთუზიაზმით ვაკეთებ ყველაფერს, რათა აღვიდგინო საუკეთესო ფორმა, ისევ გავარძელო თამაში და მოვიპოვო ტიტულები – ეს ის არის, რაც მართლაც მაძლევს ჩოგბურთში მოტივაციას. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ტერფის ტრავმას მოვირჩენ, შევძლებ ისევ ჩემს დონეზე დაბრუნებას. მთელი ძალით ვიმუშავებ, რათა ეს მოხდეს“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ნადალმა.

აგვისტოს დასაწყისში ნადალი პირველად გამოჩნდა კორტზე 2021 წლის როლან გაროსის შემდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონის ტურნირში, მაგრამ მერვედფინალში წააგო ნაკლებად ცნობილ სამხრეთაფრიკელთან ლოიდ ჰარისთან. ვაშინგტონის ტურნირიდან ნაადრევად გამოვარდნამ ის გამოიწვია, რომ 2017 წლის მაისის შემდეგ პირველად, ნადალი რეიტინგის პირველი სამეულიდან გამოვარდა.

დატოვე კომენტარი