რაფაელ ნადალი რომის „მასტერსის“ პირველი ფინალისტია (ვიდეო)
რაფაელ ნადალი რომის „მასტერსის“ პირველი ფინალისტია (ვიდეო)

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი, რომის „მასტერსის“ პირველი ფინალისტი გახდა. მან რევანში აუღო ბერძენ სტეფანოს ციციპასს ერთი კვირის წინ, მადრიდის „მასტერსზე“ განცდილი მარცხისთვის. ნადალმა ორ სეტში გაიმარჯვა – 6:3, 6:4. შეხვედრა საათი და 43 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში ნადალმა მეტოქის პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი. ციციპასს მომდევნო გეიმში შეეძლო უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ ორი შანსი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებს სეტის ბოლომდე ბრეიკ-პოინტები აღარ ჰქონიათ.

მეორე სეტშიც რაფა მხოლოდ ერთ გეიმში მივიდა ბრეიკ-პოინტებამდე და შანსი გამოიყენა, ციციპასს კი ასეთი შანსი არ მისცემია.

ნადალის მეტოქე ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და არგენტინელი დიეგო შვარცმანის ნახევარფინალში გაირკვევა.