რაფაელ ნადალი როლან გაროსის 11-გზის ჩემპიონია
რაფაელ ნადალი როლან გაროსის 11-გზის ჩემპიონია

როლან გაროსის 2018 წლის გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა, რომელმაც ფინალში საათსა და 44 წუთში მოუგო ავსტრიელ დომინიკ ტიმს – 6:4, 6:3, 6:2.

ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მეათე შეხვედრა ტურში. წინა 9 დაპირისპირებაც გრუნტზე შედგა და ავსტრიელმა სამჯერ შეძლო ესპანელის დამარცხება, მათ შორის, წელს, მადრიდის „მასტერსზე“.

გამარჯვების შემთხვევაში, ნადალს გამარჯვებათა სარეკორდო რაოდენობა ექნებოდა „დიდ სლემის“ ერთ კონკრეტულ ტურნირზე, გარდა ამისა, ესპანელს აუცილებლად სჭირდებოდა მოგება, რადგან წაგების შემთხვევაში, დაუთმობდა რეიტინგში პირველობას შვეიცარიელ როჯერ ფედერერს.
ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ბრძოლის მოლოდინი არსებობდა, მაგრამ რაფაელ ნადალმა უშანსოდ დატოვა ავსტრიელი.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, ბრძოლა მხოლოდ ტიმის გეიმებში მიდიოდა. ეს იშვიათი გამონაკლისები იყო – პირველი სეტის მესამე გეიმი, როცა ავსტრიელმა დაკარგული მოწოდება დაიბრუნა და მეორე სეტის მეშვიდე გეიმი, რომელშიც ტიმს რიგით მესამე და ბოლო ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

თავად ნადალმა 17 ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და ხუთჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. ესპანელი ძალიან აკურატულად თამაშობდა და მხოლოდ 24 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ტიმის ანალოგიური მაჩვენებელი კი 41 შეცდომა იყო.

რაფაელ ნადალმა „დიდი სლემის“ მე-17 ტიტული მოიგო, როლან გაროსზე კი უკვე მე-11 ტიტული აქვს. აქამდე, „დიდი სლემის“ ერთი რომელიმე ტურნირი ამდენჯერ მხოლოდ მარგარეტ კორტს ჰქონდა მოგებული (ავსტრალიის ღია პირველობა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში).