რაფაელ ნადალი - პირფერი არ ვარ, მინდოდა, ფინალში ტიმს მოეგო
რაფაელ ნადალი - პირფერი არ ვარ, მინდოდა, ფინალში ტიმს მოეგო

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა გაზეთ „მარკასთან” ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას ავსტრალიის ღიას ფინალის შესახებ, რომელშიც სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხუთ სეტში დაამარცხა ავსტრიელი დომინიკ ტიმი.

„არ ვაპირებ პირფერობას და ვადასტურებ, რომ მერჩივნა ფინალი ტიმს მოეგო. პირადად ჩემთვის, უმჯობესი იქნებოდა ტიმს გაემარჯვა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ღამით მშვიდად მძინავს, ასე რომ, ამ კუთხით ჩემთვის სულ ერთი იყო, ვინ მოიგებდა – დომინიკი თუ ნოვაკი.

ეს ტურნირი წარმატებული იყო ჯოკოვიჩისთვის. დღეს ის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელია. ციფრები თავად მეტყველებენ ყველაფერზე. ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ მას მორიგი შთამბეჭდავი წარმატება.

რა თქმა უნდა, ახალ თაობაში ბევრი კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა და ნახევარფინალში ერთ-ერთმა მათგანმა – ალექსანდრ ზვერევმა ითამაშა. ტიმი არ შეიძლება ჩაითვალოს Next Gen-ის ნაწილად, რადგან ის უკვე 26 წლისაა და არა 20 ან 21 წლის”, – განაცხადა ნადალმა.

ნადალმა ტიმთან ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალი წააგო, რის შემდეგაც, ავსტრიელმა 2:1-დან დათმო ფინალი ჯოკოვიჩთან.

სერბმა კარიერაში „დიდი სლემის” მე-17 ტურნირი მოიგო. ნადალს კარიერაში 19 „დიდი სლემი” აქვს.