რაფაელ ნადალი პარიზის „მასტერსის“ მეოთხედფინალშია
რაფაელ ნადალი პარიზის „მასტერსის“ მეოთხედფინალშია

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე მატჩი მოიგო პარიზის „მასტერსზე“ და მეოთხედფინალში გავიდა.

ესპანელის მეტოქე იყო მსოფლიოს 61-ე ჩოგანი, ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი. წინა წრისგან განსხვავებით, ნადალმა, ამჯერად, ორ სეტში მოიგო – 6:1, 7:6(2).

პირველ სეტში ფავორიტი სრულ უპირატესობას ფლობდა – ოთხი ბრეიკ-პოინტიდან ორი გამოიყენა, მეტოქეს კი არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა. ნადალმა საკუთარ გეიმებში ჯამში მხოლოდ ხუთი ქულა წააგო.

მეორე სეტში თანაბარი ბრძოლა წავიდა. პირველ 11 გეიმში ჩოგბურთელები ახლოსაც არ ყოფილან ბრეიკ-პოინტთან. მე-12 გეიმში ტომპსონმა, მოულოდნელად, ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რომელიც სეტბოლიც იყო, მაგრამ ნადალმა მოიგო 16-დარტყმიანი გათამაშება, გეიმი გადაარჩინა და შემდეგ ტაი-ბრეიკზე იოლად გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში ნადალი თანამემამულე პაბლო კარენიო ბუსტას შეხვდება. რაფასთვის ეს არის მერვე მონაწილეობა პარიზის „მასტერსში“ და მერვე მეოთხედფინალი.

შეგახსენებთ, რომ პარიზის „მასტერსზე“ პირველი მატჩის მოგების შემდეგ, ნადალს კარიერაში 1000 მოგება დაუგროვდა.