რაფაელ ნადალი მონტე კარლოს "მასტერსის" ჩემპიონია
რაფაელ ნადალი მონტე კარლოს "მასტერსის" ჩემპიონია

მონტე კარლოს “მასტერსის” გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საათსა და 34 წუთში 6:3, 6:2 მოუგო ფინალი იაპონელ კეი ნიშიკორის.

გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელად დაიწყო – პირველი ბრეიკი ნიშიკორიმ შეასრულა და წინ გავიდა, მაგრამ ნადალმა ამას ზედიზედ ორი ბრეიკით უპასუხა და თავად დაწინაურდა – 4:2. იაპონელმა სცადა ანგარიშის გათანაბრება, ერთი ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც, ნადალმა შეძლო სეტზე ჩაწოდება.

მეორე პარტიაში ესპანელს უფრო მარტივად ჰქონდა საქმე – საკუთარ გეიმებში მხოლოდ ოთხი გათამაშება წააგო და იაპონელს ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა, თავად კი ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
ნადალმა მეთერთმეტედ მოიგო მონტე კარლოს “მასტერსი”.

ეს იყო მისი 31-ე გამარჯვება “მასტერსის” სერიის ტურნირებზე, რაც აბსოლუტური რეკორდია. აქამდე, ესპანელი 30 მოგებით პირველ ადგილს იყოფდა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან. 27 მოგებით მესამე ადგილზეა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.