რაფაელ ნადალი - ჯოკოვიჩი შეშლილია რეკორდებსა და ტიტულებზე #1TVSPORT
რაფაელ ნადალი - ჯოკოვიჩი შეშლილია რეკორდებსა და ტიტულებზე #1TVSPORT

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა გამოცემა Metro-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავის მოტივაციაზე ილაპარაკა.

„კიდევ 10 წელი თამაშს არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, მსურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ დადგება დღე, როცა, უბრალოდ, შევწყვეტ თამაშს. ჯერჯერობით, მომწონს ტურნირებზე გამოსვლა და კონკურენცია და ვიმედოვნებ, უახლოესი ორი წელი ასე იქნება.

სიმართლეა, რომ მინდა რაც შეიძლება მეტი „დიდი სლემის“ მოგება. მაგრამ არ ვარ ამ იდეით შეპყრობილი. ჯოკოვიჩი გაცილებით მეტს ფიქრობს ტიტულებზე, ის შეშლილია ამის გამო. ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ. მას უყვარს რეკორდები, მუდმივად ლაპარაკობს ამაზე. ეს კარგია, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ.

რა თქმა უნდა, ძლიერი მეტოქეები მეხმარებიან იმის გაგებაში, რა მიმართულებით განვვითარდე. მთელი კარიერის განმავლობაში ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა – ჯერ ფედერერი, შემდეგ ჯოკოვიჩი. მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი შინაგანი მოტივაცია გაცილებით ძლიერია იმაზე, რასაც სხვა ჩოგბურთელებისგან ვიღებ. მე ვთამაშობ საკუთარი თავისთვის, საკუთარი გუნდისთვის, ოჯახისთვის, ფანებისთვის და არა მოწინააღმდეგეებისთვის.

ყოველთვის ვესწრაფოდი სრულყოფილებას, რადგან, ჩემი აზრით, ამაშია სპორტის არსი. მიმაჩნია, რომ სპორტი – ეს არის ყოველდღიური ვარჯიშები, რაც გეხმარება გახდე საუკეთესო. მინდა მჯეროდეს, რომ ჩემში მოტივაციას აღძრავენ არა ფედერერი და ჯოკოვიჩი, არამედ ჩემი შეხედულება სპორტის შესახებ“, – ამბობს ნადალი.

ესპანელმა ასევე ილაპარაკა იმ ჩოგბურთელებზე, რომლებმაც შეიძლება „დიდი სამეული“ შეცვალონ.

„ეს ნორმალურია, ჩვენ ვბერდებით. კარგია, რომ გვყავს ჩოგბურთელთა ახალგაზრდა თაობა, რომლებზეც დაკვირვება საინტერესოა. ვინ არის მათ შორის საუკეთესო? რთული სათქმელია. არ მინდა არჩევა, რადგან აუცილებლად შევცდები.

მედვედევი, ციციპასი, ზვერევი, ტიმი (თუმცა, ის ოდნავ უფროსია), აგრეთვე, შაპოვალოვი, ოჟიე, რუბლიოვი. ეს არის შესანიშნავი ჩოგბურთელების დიდი თაობა. დღეს ძალიან ბევრი ჩოგბურთელია დიდი პოტენციალით, ვნახოთ რას იზამენ ისინი ორი წლის შემდეგ. წარმატებას მიაღწევს ის, ვინც მაქსიმალურად განავითარებს თავის თვისებებს.

ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავ მოთამაშეებთან მომიწევს ტიტულებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა ნადალმა.