რაფაელ ნადალი ერთი წლის შემდეგ საჩოგბურთო კორტს უბრუნდება - ჩემთვის ტურნირის მოგებაზე ფიქრი ამ ეტაპზე შეუძლებელია #1TVSPORT
რაფაელ ნადალი ერთი წლის შემდეგ საჩოგბურთო კორტს უბრუნდება - ჩემთვის ტურნირის მოგებაზე ფიქრი ამ ეტაპზე შეუძლებელია #1TVSPORT

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა რაფაელ ნადალი კორტს უბრუნდება. მან თავისი კარიერის ბოლო მატჩი იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩაატარა.

37 წლის ჩოგბურთელს ფეხის ტრავმა აწუხებდა, მან დაბრუნება 2023 წლის მანძილზე რამდენჯერმე სცადა, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო იყო.

დიდი სლემის 22 ტურნირის გამარჯვებული ტრავმის შემდეგ პირველად ისევ ავსტრალიაში, ბრისბენის 250-ქულიან ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

შეჯიბრების წინ ესპანელმა ჩოგბურთელმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის ჯერ ჩემპიონობაზე ფიქრი ნაადრევია.

„ახლა თავს კარგად ვგრძნობ, იმაზე უკეთ, ვიდრე ერთი თვის წინ, თუმცა ტურნირის მოგებაზე ფიქრი ამ ეტაპზე ჩემთვის უბრალოდ შეუძლებელია.

მნიშვნელოვანია, რომ კორტს ვუბრუნდები. ერთადერთი მოლოდინი ახლა ისაა, რომ მოედანზე გასვლისას კონკურენტუნარიანი ვიყო და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. დასაწყისში ეს ძალიან რთული იქნება, რადგან მე, თითქმის, ერთი წელია, არ მითამაშია“, – განაცხადა რაფაელ ნადალმა.

ბრისბენის ტურნირზე ესპანელი ჩოგბურთელი ორგანიზატორების მიერ მიცემული „ვაილდ ქარდის“ საშუალებით თამაშობს, რადგან ის ამჟამად რეიტინგში 672-ე ადგილს იკავებს და ეს პოზიცია ტურნირებზე საკვალიფიკაციო ან ძირითადი ბადიდან მოხვედრის საშუალებას არ აძლევს.

შეჯიბრების 1/8 ფინალში რაფაელ ნადალის მეტოქე კარაცევსა და კუბლერს შორის გამარჯვებული იქნება.