რაფაელ ნადალი და ნაომი ოსაკა წლის სპორტსმენები გახდნენ #1TVSPORT
რაფაელ ნადალი და ნაომი ოსაკა წლის სპორტსმენები გახდნენ #1TVSPORT

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 2020 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის პრიზი მოიპოვა Laureus World Sports Academy-ის (“ლაურეუსის“ მსოფლიო სპორტის აკადემია) ვერსიით. პრემიების გადაცემის ონლაინ-ცერემონია ესპანეთის ქალაქ სევილიაში გაიმართა.

34 წლის ნადალი დღეისთვის მსოფლიოს მეორე ჩოგანია. 2020 წელს, მან კარიერაში მეცამეტედ მოიგო როლან გაროსი, სულ „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებული გახდა, რითაც დაეწია რეკორდსმენ როჯერ ფედერერს. ნადალი მეორედ და 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა „ლაურეუსის“ პრემიის ლაურეატი.

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა შარშან კარიერაში მეორედ მოიგო აშშ-ის ღია პირველობა. ასევე, 23 წლის სპორტსმენი აქტიურად მონაწილეობდა რასიზმის საწინააღმდეგო კამპანიაში.

წლის გუნდი გახდა მიუნხენის „ბაიერნი“, რომელმაც 2020 წელს მოიგო საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგა, ასევე გახდა გერმანიის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი.

დაჯილდოვებაზე სხვა პრიზებიც გაიცა:

წლის გარღვევის პრემია მიიღო ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ პატრიკ მაჰოუმსმა.

წლის დაბრუნება – მაქს პარო (სნოუბორდი);

სპორტული ინსპირაცია – მოჰამედ სალაჰი (ფეხბურთი).

პრიზი გაიცა ახალ ნომინაციაში – „სპორტსმენთა უფლებების დამცველი“ – პრემია მიიღო ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა.

„წლის მომენტის პრიზი“ გადაეცა ამერიკელ ტრიატლონისტს, დაუნის სინდრომის მქონე კრის ნიკიჩს.

„ლაურეუსის“ პრემია 1999 წელს დაფუძნდა. პირველ ეტაპზე კანდიდატებს ირჩევს სპორტული პრესა, შემდეგ კი იმართება ხმის მიცემა აკადემიის 50 წევრს შორის, რომლებიც სპორტის ლეგენდები არიან.