რაფაელ ნადალი აშშ-ის ღია პირველობის ტრიუმფატორია [ვიდეო]

ესპანელი რაფაელ ნადალი აშშ-ის ღია პირველობის ოთხგზის ჩემპიონი და „დიდი სლემის“ ტურნირების 19-გზის ჩემპიონი გახდა. ამ მაჩვენებლით ის უკვე მხოლოდ ერთი ტიტულით ჩამორჩება როჯერ ფედერერს და სამით უსწრებს ნოვაკ ჯოკოვიჩს.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ოთხი საათი და 49 წუთი ბრძოლის შემდეგ ხუთ სეტში მოუგო რუს დანილ მედვედევს – 7:5, 6:3, 5:7, 4:6, 6:4. არადა, ნადალს უფრო მარტივად შეეძლო მოგება. პირველი ორი სეტის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, რაფა მესამე სეტს ბრეიკით იგებდა, მეცხრე გეიმში კი ორი დაფარული მატჩბოლი ჰქონდა. მაგრამ მედვედევმა ეს ორი საფრთხე მოიგერია და შემდეგ კარგა ხნით მოიპოვა ინიციატივა. რუსი მესამე და მეოთხე სეტების ბოლო გეიმებში იღებდა ბრეიკებს და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

ყველაზე დრამატული მეხუთე სეტი იყო. მედვედევმა მეორე გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი გაანიავა, რის შემდეგაც, ნადალმა ორი ბრეიკი აიღო და ანგარიშით 5:2 დაწინაურდა. პირველ ჯერზე ესპანელმა მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო და მედვედევმა ერთი უკუბრეიკი შეასრულა. შემდეგ გეიმში რაფას ორი მატჩბოლი ჰქონდა მიღებაზე და რუსმა ეს გეიმიც გადაარჩინა. ანგარიშით 5:4-ზე ნადალი მეორედ აწვდიდა მატჩზე და მედვედევი ბრეიკ-პოინტამდე მივიდა, მაგრამ ვერ შეძლო ზედიზედ მეორე ბრეიკის შესრულება, ძალიან მალე კი ნადალმა მესამე მატჩბოლი გამოიყენა და აშშ-ის ღიას ტრიუმფატორი გახდა.

ჩემპიონს 21 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მედვედევს – 15. ესპანელმა ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, 62 „ვინერსი“ დააგროვა და 46 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მედვედევის ანგარიშზე იყო ხუთი ბრეიკი, 75 „ვინერსი“ და 57 შეცდომა.

ნადალის საჩემპიონო გზა

1/64 ფინალი. ნადალი-მილმენი (ავსტრა) 6:3, 6:2, 6:2

1/32 ფინალი. ნადალი-კოკინაკისი (ავსტრა) უარი

1/16 ფინალი. ნადალი-ჩუნგი (კორ) 6:3, 6:4, 6:2

1/8 ფინალი. ნადალი-ჩილიჩი (ხორ) 6:3, 3:6, 6:1, 6:2

1/4 ფინალი. ნადალი-შვარცმანი (არგ) 6:4, 7:5, 6:2

1/2 ფინალი. ნადალი-ბერეტინი (იტა) 7:6(6), 6:4, 6:1

ფინალი. ნადალი-მედვედევი (რუს) 7:5, 6:3, 5:7, 4:6, 6:4