რაფაელ ბენიტესი კვარაცხელიას აქებს - ის ამჟამად იტალიის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT
რაფაელ ბენიტესი კვარაცხელიას აქებს - ის ამჟამად იტალიის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT

„ბევრი მას ჯერ კიდევ არ იცნობს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, ახლა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელია“, – ასე იწყება Times-ის სარედაქციო წერილი, რომლის ავტორი რაფაელ ბენიტესია.

ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ავარჯიშებდა „ვალიადოლიდს“, „ვალენსიას“, მადრიდის „რეალს“, „ლივერპულს“, „ჩელსის“, „ნიუკასლს“, „ევერტონს“, „ინტერსა“ და „ნაპოლის“, ასევე ჩინელ „დალიან იფანს“.

ბენიტესი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია „ვალენსიას“ ისტორიაში – კლუბის სათავეში ყოფნისას სამი სეზონის განმავლობაში ორჯერ მოახერხა გუნდის ჩემპიონობა და ერთხელ უეფა-ს თასის მოგება. მხოლოდ სამი მენეჯერიდან ერთ-ერთი (ბობ პეისლისთან და ჟოზე მოურინიოსთან ერთად), რომლებმაც მოახერხეს უეფა-ს თასის მოგება და ჩემპიონთა ლიგის მოგება მომდევნო სეზონში.

ის გახდა „ლივერპულის“ მეორე (ჯო ფაგანის შემდეგ) მენეჯერი, რომელმაც პირველ სეზონში შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. 2013 წელს ბენიტესი გახდა ევროპის ლიგის ორგზის გამარჯვებული, ტიტული კი ლონდონის „ჩელსისთან“ ერთად მოიგო.

ახლა ბენიტესი წერს ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მოახლოებულ მატჩზე. მისი ანალიზი „სტადიო მარადონაზე“ გადაყვანილი ბოლო „მარგალიტის“ დახასიათებით იწყება.

„ის „ლივერპულის“ ნომერ პირველი საფრთხეა. თამაშობს გარემარბივით, მარცხენა ფლანგიდან, მაგრამ იცის, როგორ გამოიყენოს ორივე ფეხი, როგორ შექმნას და როგორ დაასრულოს შეტევა. მას აქვს სიჩქარე და სურს თავისი კვალი დატოვოს ყველა თამაშში. 5 თამაშში უკვე 4 გოლი გაიტანა, მათ შორის გადამწყვეტი „ლაციოსთან“ ბოლო მატჩში. მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ დიდი ტალანტია. ის ფაქტი, რომ იტალიაში ასე ადრეეულად გამოიჩინა თავი, ხაზს უსვამს მის მენტალიტეტს“, – წერს ბენიტესი 21 წლის ქართველის შესახებ.

ცნობილმა ესპანელმა სპეციალისტმა „ნაპოლის“ სელქციაზე ისაუბრა:

„ეს გუნდი ყოველთვის კარგად ახერხებდა ნიჭიერების მოზიდვას. როდესაც მე იქ ვიყავი, ჩვენ წავიყვანეთ გონსალო იგუაინი, ჟორჟინიო, კალიდუ კულიბალი, დრის მერტენსი, რაულ ალბიოლი და ხოსე კალეხონი, რომლებმაც გუნდს ზრდის საშუალება მისცეს. ახლა იგივე კვარაცხელიას შემთხვევაში ხდება“.