რადოსლავ სიკორსკი – რუსეთს ამჟამად ნატო-ს წინააღმდეგ მასშტაბური შეტევის შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ შეუძლია, დივერსიის ან პროვოკაციების განხორციელება, ალიანსი მზად უნდა იყოს

09:37, 27.05.2026

რუსეთს ამჟამად ნატო-ს წინააღმდეგ მასშტაბური შეტევის დაწყების შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ შეუძლია, დივერსიის ან პროვოკაციების განხორციელება, რისთვისაც ალიანსი მზად უნდა იყოს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკის თქმით, რუსეთი პოლონეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ეს სერიოზულად უნდა აღიქვან.

„ამჟამად რუსეთს ნატო-ს წინააღმდეგ მასშტაბური შეტევის დაწყების შესაძლებლობა არ აქვს. ის რომ ამისთვის ემზადებოდეს, ჩვენ ამას დავინახავდით – გვაქვს თანამგზავრული დაზვერვა. ჩვენ ვნახეთ 100 000 ჯარისკაცის მობილიზება უკრაინის გარშემო, რომელიც თვეების განმავლობაში იზრდებოდა“, – განაცხადა სიკორსკიმ.

ამასთან, სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განზრახვები უფრო სერიოზულია, ვიდრე დასავლეთ ევროპა ელოდა.

„რუსეთს შეუძლია დივერსიის ან პროვოკაციების განხორციელება, რაც სრულმასშტაბიან შეჭრას არ წარმოადგენს. ნატო-ც მზად უნდა იყოს ასეთი ქმედებებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა სიკორსკიმ.

მსგავსი