რა შევიტყვეთ მამარდაშვილით „ვალენსიას“ დაინტერესებაზე - კლუბებთან მოლაპარაკებას ქართველი მენეჯერი აწარმოებს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მენეჯერი ცნობილ ესპანურ კლუბ „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებას ერთი თვეა აწარმოებს.

ესპანური გამოცემის, Lavozdelpuchades-ის ცნობით, „ქართველი მეკარე „მესტალიასკარიბჭესთანაა“ და „გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ზაფხულში იჯარით შეუერთდება“.

საქართველოს პირველი არხისთვის კი ცნობილი გახდა, რომ ჯერ გაურკვეველია, ქართველი მეკარე „ვალენსიაში“ ზაფხულში იჯარით გადავა თუ არა, მაგრამ მამარდაშვილისადმი ინტერესი სერიოზულია.

„ორიოდე დღეში „ვალენსიას“ ინტერესზე მეკარის მენეჯერი უნდა დაელაპარაკოს „დინამო თბილისს“, რომელსაც გიორგის სატრანსფერო უფლება ეკუთვნის. მოლაპარაკებას კი ქართველი აგენტი ლევან სეთურიძე აწარმოებს“, – ასეთი ინფორმაცია მოაწოდეს საქართველოს პირველ არხს.

20 წლის მეკარით ასევე დაინტერესებულები არიან გიორგი მაკარიძის გუნდი, ლა ლიგა 2-ის „ალმერია“ და ბელგიის უმაღლესი დივიზიონის უცნობი კლუბი.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა სამენეჯერო პორტალმა, Transafermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ფასების განახლებისას, ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა, რომლის ფასიც 300 ათასი ევროთი გაიზარდა და 800 ათასი გახდა.