რა მნიშვნელობას ანიჭებდა ვენგერი მოთამაშის ინტელექტს - ქართველმა მენეჯერებმა „არსენალის“ ექსმწვრთნელთან შეხვედრა გაიხსენეს #1TVSPORT
რა მნიშვნელობას ანიჭებდა ვენგერი მოთამაშის ინტელექტს - ქართველმა მენეჯერებმა „არსენალის“ ექსმწვრთნელთან შეხვედრა გაიხსენეს #1TVSPORT

რა მნიშვნელობა აქვს მოთამაშის კარიერაში მის ინტელექტს? ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საფეხბურთო მენეჯერებმა, გუგა კაჭახიძემ და მალხაზ მუსერიძემ ისაუბრეს და ლონდონის „არსენალში“ ნიკა ჭანტურიას გასინჯვის დროს არსენ ვენგერთან შეხვედრები გაიხსენეს.

„იცვლება დრო, ფეხბურთი სწრაფად ვითარდება და ვცდილობთ, პულსზე ხელი გვედოს, მოთამაშეებს კი სხვადასხვა მიმართულებით დავეხმაროთ. მათ შორის, მედიასთან ურთიერთობაში, საკუთარი თავი უკეთ რომ წარმოაჩინონ. ლოჩოშვილმა თქვა, სოციალურ ქსელებში არ შევდივარ და არ ვკითხულობ, რას წერენო. ვურჩევთ თუ არა ამას მენეჯერები? ეს ინდივიდუალურია. ვიღაც კომენტარს ემოციურად იღებს, ვიღაცას კი ნაკლები რეაქცია გააჩნია. ზოგადად, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, გადაჭარბებული არც ყურადღება ვარგა და არც გულშემატკივრის აზრის უგულვებელყოფა.

რა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში ნიჭიერი ბავშვები უკეთ გაიზარდონ? პირველი და ფუნდამენტური განათლებაა, ზოგადიც და საფეხბურთოც. ამის გარეშე თანამედროვე ფეხბურთი წარმოუდგენელია. საფეხბურთო ინტელექტზე რომ ვსაუბრობთ, თქვენ დროს (გადაცემის თანაწამყვანს, ვლადიმერ გუცაევს მიმართ), თქვენს დროს, რამხელა ყურადღება ეთმობოდა განათლებას. ნოდარ ახალკაცამდე ანალოგიურ ყურადღებას მოთამაშის განათლებას ანდრო ჟორდანია უთმობდა. ეს უმნიშვნელოვანესია. სკოლაში თუ ოროსანი იყავი, მწვრთნელობაში ვერ ისწავლი ბევრ რამეს, რადგან პროფესია ჯერ ფუნდამენტურად უნდა ისწავლო, შემდეგ კი უნდა გადასცე, რისთვისაც საგანგებო მეთოდიკა არსებობს. ერთეულ შემთხვევებზე არ ვსაუბრობთ, მასობრივად არსებულ ვითარებას ვგულისხმობთ. ნიჭიერი ფეხბურთელი განათლებული რომ არის, ცოდნას უკეთ გამოიყენებს, უკეთ მოემზადება. დანარჩენი, მოედნები ინფრასტრუქტურა – შემდეგი ფაქტორებია, რაც, რა თქმა უნდა აუცილებელია“, – ამბობს მალხაზ მუსერიძე.

გუგა კაჭახიძე: „სხვათა შორის, მოთამაშის განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. 2012 წელს ნიკა ჭანტურია ლონდონის „არსენალში“ იყო – იქ დიდი გამოცდილება მივიღეთ. გვითხრეს, რომ მოთამაშის ნიჭიერებას მოედანზე აფასებდენ, მაგრამ ბოლო ეტაპზე რაღაც დონეზე IQ ტესტს უწერდნენ. კემბრიჯის და ჰარვარდის ცოდნას არ ითხოვენ, მაგრამ ფეხბურთელმა ინტელექტის საშუალო მაჩვენებელი უნდა დააკმაყოფილოს. ვენგერი ამას ასე ხსნიდა – ფეხბურთელი ჭკვიანი თუ არ არის, ეს სადღაც მოედანზე გამოჩნდება და ეს შეიძლება გუნდისთვის და პირადად მისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყოს. ასე აგვიხსნეს“.

მალხაზ მუსერიძე: „მაშინ ინგლისელებმა უზარმაზარი კითხვარი გამოგზავნეს. ნიკამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. როცა წასვლის თარიღები მოგვივიდა, ნიკამ გვითხრა, ჯერ სკოლას დავამთავრებო და ძალიან მოეწონათ, ეს კარგ ჟესტად მიიღეს“.