რა ხდებოდა სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ [ფოტო-ვიდეო]

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებულებს დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას პატიმრობა მიესაჯათ. ირაკლი ფირცხალავა სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის თქმით, განაჩენში დეტალურად იქნება აღწერილი ყველა მტკიცებულება.

მოსამართლის თქმით, ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნობილია სსკ-ის 332-ე მუხლით და განესაზღვრა 5 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, გურამ დონაძე დამნაშავედაა ცნობილი 332-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით, დავით იაშვილი – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ზურა მიქაძე – 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ზაზა ბაქრაძეს პირობითი პატიმრობა განესაზღვრა. ზაზა ბაქრაძემ საქმეზე ბრალი აღიარა.

შსს-ს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეს, რომლებსაც უფლებამოსილების გადამეტება ედებოდათ ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთ წელზე მეტია, განიხილებოდა.

ბუტა რობაქიძე თბილისში 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.