რა ხდებოდა „აიბროქსის“ გასახდელში - არველაძემ ლეგენდების მატჩის უცნობი ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო] #1TVSPORT
რა ხდებოდა „აიბროქსის“ გასახდელში - არველაძემ ლეგენდების მატჩის უცნობი ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო] #1TVSPORT

შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც „რეინჯერსის“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მატჩის დროს გლაზგოს „აიბროქსისსტადიონზეა გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 26 მარტს გლაზგოს „რეინჯერსის“ დაარსებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. „აიბროქსის“ შიგნით – „რეინჯერსის“ ლეგენდები მსოფლიო ლეგენდების წინააღმდეგ“ – ამ ვიდეოში კულისებს მიღმა გადაღებული კადრებია, როგორ მიდის „რეინჯერსის“ ლეგენდების გუნდი საშინაო არენა „აიბროქსზე“, როგორ დახვდნენ გუნდს გულშემატკივრები და რა ხდებოდა ვეტერანთა გასახდელში.

საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანმა თავდამსხმელმა შოტლანდიელთა ვეტერანების შემადგენლობაში (სადაც 2001-2005 წლებში გამოდიოდა) პრესტიჟული 7-ნომრიანი მაისურით ითამაშა, და მსოფლიო ლეგენდების კარში მშვენიერი გოლიც გაიტანა.

40 ათასი მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა 49 წლის ქართველი თავდამსხმელის გოლს, რომელმაც მეკარეს ისეთივე ეფექტური დარტყმით გაუტანა, როგორც ამას საფეხბურთო კარიერის დროს ახერხებდა.

„აიბროქსზე“ „რეინჯერსის“ ფორმით, არველაძესთან ერთად ითამაშეს ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა, პოლ გასკოინმა, სასა პაპაკმა, მაიკლ მოლსმა, კრის ბოიდმა, რონალდ დე ბურმა, ბარი ფერგიუსონმა. მსოფლიო ლეგენდების გუნდში კი ლუის ფიგუმ, კლოდ მაკელელემ, ივან კორდობამ, რიკარდო კარვალიომ, ნუნუ გომეშმა, კაკამ, პრედრაგ მიატოვიჩმა, რობერტ პირესმა.