რა ელის ძალოსნობას? - სპორტის სახეობა, რომელიც დოპინგსა და კორუფციაში ჩაეფლო | ტაიმაუტი
რა ელის ძალოსნობას? - სპორტის სახეობა, რომელიც დოპინგსა და კორუფციაში ჩაეფლო | ტაიმაუტი

ოლიმპიური ოჯახის ტრადიციულ სახეობას – ძალოსნობას რთული დროება დაუდგა – მას ოლიმპიური პროგრამიდან გაქრობა ემუქრება. ამას ხელი შეუწყო რამდენიმე ჟურნალისტურმა გამოძიებამ. მთავარი ნაშრომი ეკუთვნის ცნობილ გერმანელ ჰაიო ზეპელტს, რომელიც გერმანული ტელეარხის ARD-ს ჟურნალისტი გახლავთ. თავის დროზე, სწორედ მისმა ფილმებმა დაუდეს სათავე დოპინგის მიღებაში რუსი სპორტსმენების მხილებას და რუსულ სპორტში არსებული სისტემური დარღვევების აღმოჩენას.

ზეპელტის ბოლო ფილმის სახელწოდებაა – „დოპინგის საიდუმლო საქმე: შტანგების მბრძანებელი“. ფილმის მთავარი გმირი გახდა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მრავალწლიანი პრეზიდენტი ტამაშ აიანი. უნგრელი დაადანაშაულეს დოპინგის დამალვასა და ფინანსურ მაქინაციებში, თავად სპორტის სახეობას კი ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან გაქრობა დაემუქრა.

ზეპელტმა და მისმა თანაშემწეებმა გაარკვიეს, რომ ბევრ ტურნირზე დოპინგ-კონტროლს უნგრეთის ანტისადოპინგო სააგენტო აწარმოებდა. სინჯებში აკრძალული პრეპარატისა და მანიპულაციების აღმოჩენის შემთხვევაში, ფედერაციის ხალხი დოპინგ-ოფიცრებს დუმილისთვის გარკვეულ თანხას უხდიდნენ. სპეციალისტები კარგ გასამრჯელოს იღებდნენ (ეროვნული ტურნირების დონეზე სუფთა დოპინგ-ტესტის შეძენა 55 ევროდ შეიძლებოდა, საერთაშორისოსი – 180 ევროდ). 2008-2017 წლების პერიოდში, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების 450 მედალისტიდან ნახევარს არ გაუვლია დოპინგ-კონტროლი საწვრთნელი პროცესის დროს.

აიანი უზრუნველყოფდა გადარიცხვებს შვეიცარიაში საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც არ იყო ასახული ფედერაციის ფინანსურ ანგარიშებში. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1992 წლიდან მოყოლებული ფედერაციაში 23 მილიონი დოლარი გადარიცხა. ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ თანხებზე ხელი მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტს მიუწვდებოდა. ფედერაციაში, რა თქმა უნდა, ყველაფრის უარყოფა დაიწყეს, მაგრამ დაავიწყდათ მასობრივი დისკვალიფიკაციები, რომელიც ნამდვილად არ იყო მოგონილი და არაფრისგან გაბუქებული.

სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ქვეყანას დაუმთავრდა დისკვალიფიკაცია იმ დარღვევებისთის, რომელიც პეკინის 2008 წლისა და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადების სინჯების გადამოწმებისას აღმოაჩინეს. მაშინ სანქციები შეეხოთ რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, ჩინეთს, ყაზახეთს, მოლდოვას, თურქეთსა და უკრაინას. სხვათა შორის, რუსმა ძალოსნებმა 2016 წლის ოლიმპიადა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი გამოტოვეს. დიდი პრობლემები აქვთ ტაილანდის ძალოსნებს. რაღაც მომენტში ამ ქვეყნის ფედერაციას იმდენად შერცხვა, რომ თავად თქვა უარი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაზე.

ანტისადოპინგო დარღვევების გამო, ტოკიოს ოლიმპიადაზე რუსეთს, ყაზახეთს, სომხეთს, ბელარუსსა და აზერბაიჯანს მოკრძალებული შემადგენლობები ეყოლებათ – მხოლოდ ორი სპორტსმენი. ქვეყნები, რომლებიც დოპინგზე 10-19-ჯერ ჩავარდნენ, მაგალითად, ინდოეთი და ირანი, თამაშებზე ორ მამაკაცსა და ორ ქალს გაუშვებენ. თუმცა, არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ პარიზში 2024 წლის ოლიმპიადაზე ძალოსნობა წარმოდგენილი იქნება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ტყუილს აღარ მოითმენს.

ასეთი რადიკალური ზომებისა და განცხადებების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გამოქვეყნდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გამოძიების შედეგები. გერმანელმა პოლიციელმა გიუნტერ იანგერმა თავის განყოფილებასთან ერთად შეისწავლა ყველა ფაქტი, რომელიც მოყვანილი იყო ზეპელტის ფილმში, პროფესორმა რიჩარდ მაკლარენმა კი სქელტანიანი ანგარიში შეადგინა. ეს მისი მეორე დიდი გამოძიებაა – რუსეთის ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია 2016 წელს სწორედ მის ცნობილ ანგარიშს მოჰყვა.

„ჩვენ გამოვავლინეთ სისტემური ჩავარდნები ფედერაციის მართვაში და კორპუცია უმაღლეს დონეზე. აიანი ავტოკრატიული ლიდერი იყო, რომელიც მონაწილეობდა ფინანსურ სქემებში და დუმილს აიძულებდა ყველა გათვითცნობიერებულ პირს“, – აღნიშნა მაკლარენმა.

აი, რა გაარკვია მან:

* ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ დამალა სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენთა (ძირითადად, აზერბაიჯანელები და თურქები) 40 დადებითი დოპინგ-სინჯი .

* რამდენიმე წლის განმავლობაში, ფედერაციის ანგარიშებიდან გაქრა აღურიცხავი 10.4 მილიონი დოლარი.

* ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი აიანი პირადად აგროვებდა ყველა ფულად ჯარიმას დადებითი დოპინგ-სინჯებისთვის. მაგალითად, აზერბაიჯანისგან მან მიიღო 500 ათასი დოლარი, რომელსაც დაფარულ საბანკო ანგარიშზე ინახავდა. გადარიცხვას ადასტურებს ქვეყნის პრეზიდენტის წერილი, რომელშიც აიანს მადლობას უხდის დოპინგზე ჩავარდნილი რამდენიმე სპორტსმენის დისკვალიფიკაციის გადავადებისთვის.

* ასევე, აიანი პირდაპირ აკონტროლებდა ფედერაციის ანტისადოპინგო მოღვაწეობას, თუმცა, ეს ეწინააღმდეგება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კოდექსს.

* მაკლარენმა აღმოაჩინა, რომ 2009-2014 წლებში იყო 45 დოპინგ-შემთხვევა, რომელიც არსად გაჟღერებულა. 2010-12 წლებში 26-მა თურქმა ძალოსანმა ჩააგდო ტესტირება, მაგრამ ამას შემდგომი რეაგირება არ მოჰყოლია.

დღეს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ურსულა პაპანდრეა დარწმუნებულია აიანის ბრალეულობაში. არსებობს ორგანიზაციის რეფორმირებისა და მისი გარდაქმნის სურვილი, რათა პარიზის ოლიმპიადაზე ძალოსნობა მაინც იყოს წარმოდგენილი. ჯერჯერობით, სპორტის ეს სახეობა პროგრამაში დროებით არის მონიშნული.

„ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ანგარიშში მოცემული ყველა დანაშაული ბოლომდე გამოვიძიოთ. ეს ეხება დაკარგულ თანხებს, ასევე დოპინგ-შემთხვევებს, სადაც ჩვენ ვიმედოვნებთ დახმარებას მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსგან. ძალიან შეშფოთებული ვარ დადებითი დოპინგ-სინჯების გამო და მადლიერნი ვართ, რომ ახლა გვაქვს ეს ინფორმაცია“, – თქვა პაპანდრეამ.

კეთილი დასასრულისთვის ეროვნული ფედერაციები კარგად უნდა მოიქცნენ, ძალოსნებმა კი თავი დაანებონ აკრძალულ პრეპარატებს. მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ სპორტსმენების შეკავება ცდუნების წინაშე ძალიან რთულია.