ქვილითაიას დუბლი, დაუშვილის ავტოგოლი - „აპოელი“ ორჯერ აგებდა და მაინც მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩი წარმატებული გამოდგა „აპოელისთვის“, რომელიც აელ-ს ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. მატჩის გმირი კი გიორგი ქვილითაია იყო.

აღსანიშნავია, რომ ხუთიდან სამი გოლი ქართველების ანგარიშზეა. სამივე ქართველმა ითამაშა – მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს, ოქრიაშვილი კი მოედანზე 26-ე წუთზე გამოჩნდა.

ლიმასოლში გამართულ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მასპინძლებს მე-11 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს. თუმცა, ეს მე-18 წუთზე მაინც მოახერხეს – მეტოქის დარტყმული ბურთი დაუშვილს მოხვდა და მასპინძლები დაწინაურდნენ. 21-ე წუთზე ანგარიში ქვილითაიამ გაათანაბრა. მაგრამ აელ-ი 35-ე წუთზე ნიკალე მილინჩეანუმ მეორედ დააწინაურა.

აპოელმა“ მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა – 66-ე წუთზე ხორვატმა ანტონ მაგლიცამ წონასწორობა აღადგინა. 74-ე წუთზე ქვილითაიას რეალური საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ცარიელ კარს ააცილა, თუმცა ერთ წუთში შეცდომა გამოასწორა, უფრო რთული პოზიციიდან გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა – 2:3.

20 ტურის შემდეგ „აპოელმა“ 30 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ „აპოელის“ ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა, სულ კი 17 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა და კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულშია.