ქვილითაიამ ისევ გაიტანა - კვიპროსის თასზე „აპოელმა“ „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია წარმატებული თამაშების სერიას აგრძელებს – ქართველმა თავდამსხმელმა ამჯერად გოლი კვიპროსის თასზე გაიტანა და „აპოელს“ შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.

„აპოელი“, სადაც სამი ქართველი თამაშობს, კვიპროსის თასის 1/8-ფინალში თანაქალაქელს, ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა. პირველ მატჩში, რომელიც 19 იანვარს გაიმართა, მასპინძელი „აპოელი“ იყო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. იმ შეხვედრაში ქვილითაიამ ანგარიში გახსნა.

„აპოელი“ განმეორებით შეხვედრაში „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხა. ქართველებიდან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილს არ უთამაშია, ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და 65-ე წუთამდე ითამაშეს.

დაუშვილმა 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ქვილითაიას მე-12 და 25-ე წუთებზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმების დროს მეკარემ საიმედოდ ითამაშა. მე-40 წუთზე პირველად მასპინძელთა კარი ლეო ნატელმა აიღო. ქართველმა თავდამსხმელმა კი „ოლიმპიაკოსის“ კარი 48-ე წუთზე აიღო, როდესაც ფლანგური გადაცემა ეფექტურად დააგვირგვინა. მე-60 წუთზე თავი გიორგიოს ეფრემმა გამოიჩინა, ხოლო 77-ეზე საბოლოო ანგარიში ანტონ მაგლიცამ დააფიქსირა.

აპოელმა“ 4:0 მოიგო ორი მატჩის ჯამში 6:1(2:1, 4:0) და კვიპროსის თასის 1/4-ფინალში გავიდა. ქვილითაიამ სულ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატსა და თასზე ჩატარებულ 15 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, ბოლო 5 შეხვედრაში კი ანგარიშზე 4 გოლი ჩაიწერა.