ქვილითაიამ ისევ გაიტანა - „აპოელის“ მორიგი გამარჯვება [ვიდეო] #1TVSPORT

ნიქოზიას „აპოელი“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, კვიპროსის ჩემპიონატში „ხლორაკას“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-20 ტურში „აპოელმა“ მეტოქე საკუთარ მოედანზე მიიღო. ნიქოზიელების ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი იყო – ლაშა დვალი, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერს ბოლო ადგილზე მყოფმა „ხლორაკამ“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

„აპოელმა“ აუტსაიდერის დაცვის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში მაინც დაძლია. ეს მე-60 წუთზე გუნდის კაპიტანმა, გიორგი ქვილითაიამ მოახერხა. ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა. 65-ე წუთზე კი სტუმართა კარი ანასტასიოს დონისმა მეორედ აიღო და საბოლოოდ გუნდმა თამაში 2:0 მოიგო.

„აპოელმა“ 20 ტურის შემდეგ 46 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ლიდერს, ლარნაკას აეკ-ს კი მხოლოდ ქულით ჩამორჩება.