ქვილითაიამ ისევ გაიტანა, „ანორთოსისმა“ მოიგო და დაწინაურდა [ვიდეო]

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრა მოიგო – ფანაგუსტელებმა საშინაო არენაზე „კარმიოტისს“ უმასპინძლეს და 2:1 სძლიეს.

„ანტონის პაპადოპულო სტადიონზე“ გამართულ შეხვედრაში „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი გამოჩნდა – კარში გიორგი ლორია იდგა, მეტოქეს კი გიორგი ქვილითაია უტევდა. ორი მატჩის გამოტოვების შემდეგ მოედანს მურთაზ დაუშვილიც დაუბრუნდა, თორნიკე ოქრიაშვილი კი ჯერ მკურნალობს.

ანგარიში გიორგი ქვილითაიამ მე-7 წუთზე გახსნა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მცველს საჯარიმოსთან ბურთი აართვა, მეკარეს გაცდა და ზუსტად დაარტყა. მეორედ სტუმართა კარი 28-ე წუთზე ნიკოს კალცასმა აიღო და ტაიმი „ანორთოსისის“ სასარგებლოდ დასრულდა – 2:0. მართალია, მეორე ნახევარში „კარმიოტისმა“ პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ ქეცბაიას გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა – 2:1.

22 ტურის შემდეგ, ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 43 ქულა დააგროვა, აელ-ს გადაასწრო და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ლიდერ ლიმასოლის „აპოლონთან“ სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა.

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მან 18 მატჩში მე-12 გოლი გაიტანა და კვიპროსის სუპერლიგის ბომბარდირთა დავაში ფრანგ ნიკოლას დიგიუნს („აპოლონი“) და ჩრდილომაკედონიელ ბერატ სადიკს („დოქსა“) დაეწია.