ქვილითაიამ გაიტანა - „გენტმა“ ისევ წააგო [ვიდეო]

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ ბელგიის ჩემპიონატში ისევ გაიტანა, თუმცა ეს გოლი მის გუნდს ქულების აღებაში ვერ დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა, მიმდინარე სეზონში თავისი მესამე გოლი 26-ე ტურში „ვაასლანდს“ გაუტანა. გიორგიმ სათადარიგო სკამიდან დაიწყო და თამაშში 76-წუთზე, იარემჩუკის ნაცვლად ჩაერთო. ამ დროისთვის მასპინძლები ანგარიშით 1:0 იგებდნენ. 84-ე წუთზე სტუმრების ჩამორჩენა ორბურთიანი გახდა – „ვაასლანდმა“ პენალტიდან გაიტანა. აქედან ერთ წუთში „გენტმა“ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა და გიორგი ქვილითაიამ არბიტრის მიერ კომპენსირებული დროის (4 წუთი) პირველ წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. გიორგი ზუსტი თავური დარტყმით, დომპეს მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს გამოეხმაურა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო „გენტის“ განაცხადში ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც რეაბილიტაციას გადის და მისი დაბრუნება მთავარმა მწვრთნელმა შემდეგ ტურში ივარაუდა.

გენტი“ ბელგიის ჩემპიონატში 26 ტურის შემდეგ 38 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრაში ქვილითაიასა და ჩაკვეტაძის გუნდი 22 თებერვალს საკუთარ მოედანზე „სტანდარტს“ მიიღებს.