ქვილითაიამ გადადებულ მატჩში გაიბრწყინა - „აპოელმა“ ჩემპიონი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ „აპოელში“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი ნიქოზიას დერბიში მოქმედი ჩემპიონი – „ომონია“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

კვიპროსის ჩემპიონატის წლის ბოლო თამაშში „აპოელმა“ მეტოქე საკუთარ სტადიონზე მიიღო. ეს იყო მე-11 ტურის მატჩი, რომელიც 29 ნოემბერს ძლიერი ნისლის გამო მე-17 წუთზე შეწყდა. იმ მატჩში ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია იყვნენ, ხოლო მურთაზ დაუშვილი სათადარიგოებში იჯდა.

ანგარიში „აპოელმა“ გახსნა – 21-ე წუთზე ადამ ლანგმა ბურთი თავის კარში გაგზავნა. ფოტის პაპულისმა მე-40 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ქვილითაიამ მეორე ნახევარში გაიბრწყინა. 47-ე წუთზე მისი გადაცემით იანის საციასმა სტუმართა კარი მეორედ აიღო. 56-ე წუთზე გიორგის წაქცევისთვის „აპოელის“ კარში VAR-ის ჩარევის შედეგად პენალტი დაინიშნა, რომელიც ქართველმა თავადვე უნაკლოდ შეასრულა. 65-ე წუთზე „ომონიას“ ადამ ლანგიმ თავურით გაუტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ 72-ე წუთზე სტუმართა კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ლეო ნატელმა უნაკლოდ გამოიყენა.

საბოლოოდ, დერბიში „აპოელმა“ მეტოქე 4:2 დაამარცხა, 20 ქულა დააგროვა, ისევე, როგორც ჩემპიონმა „ომონიამ“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეექვსე ადგილზეა და მეტოქეს გაუსწრო. რეზი ინჯგიას ლიმასოლის „აპოლონი“ 29 ქულით პირველზეა, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ 22 ქულით მეოთხეა, ხოლო ავთო ებრალიძის „დოქსა“ მე-10 პოზიციაზე იმყოფება.