ქვილითაიამ აღიარა, რომ რთული პერიოდი ჰქონდა - მან კომუნისტების გუნდს გაუტანა და არწივის ნიღაბი მოირგო [ვიდეო] #1TVSPORT

„აპოელის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ კომენტარი გააკეთა „ომონიასთან“ (4:0) დიდი ანგარიშით მოგებულ მატჩზე, რომლის გმირიც გახდა. 25-ე წუთზე „ომონია“ კაცნაკლული მის გამო დარჩა – მეკარესთან პირისპირ გასული საქართველოს ნაკრების ფორვარდი სტუმართა მცველმა მოცელა და მოედნიდან გააძევეს. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რომლითაც „აპოელმა“ კარგად ისარგებლა.

45+3-ე წუთზე ანგარიში ლაშა დვალმა ქვილითაიას გადაცემით გახსნა და კვიპროსში პირველი გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე კი თავი თავად ქვილითაიამ გამოიჩინა და 25 თებერვლის შემდეგ, კვიპროსის ჩემპიონატში პირველად გაიტანა – სხვათა შორის, ბოლო გოლებიც (მაშინ დუბლი შეასრულა) „ომონიასთან“ გაიტანა.

„რთული პერიოდი გამოვიარე. ამ გოლის გატანა დიდი ხანია მსურდა. ძალიან ვამაყობ „აპოელის“ მოთამაშეებით, გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო გვაქვს, განსაკუთრებით ეს დღევანდელი გამარჯვების შემდეგ იგრძნობა“, – განაცხადა გიორგი ქვილითაიამ.

აღსანიშნავია, რომ სეზონში პირველი გოლის გატანის შემდეგ, ქვილითაიამ არწივის ნიღაბი მოირგო, რაც „აპოელის“ სიმბოლოა.

„აპოელის“ და „ომონიას“ დაპირისპირება ყველაზე პრინციპულია კვიპროსში, რადგან ამ გუნდებს „მილანი“-„ინტერზე“ ნაკლები მტრობა არ აქვთ. საქმე ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო მხოლოდ „აპოელი“. 1948 წელს კლუბი ორ ბანაკად გაიყო, რადგან მათი საბერძნეთში სამოქალაქო ომთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.

შედეგად, კომუნიზმის მომხრეები დაშორდნენ კლუბს და შექმნეს საკუთარი გუნდი, რომელსაც „ომონია“ უწოდეს, რომელიც „აპოელის“ მთავარი მეტოქე გახდა, ხოლო კლუბის გულშემატკივრები დღემდე ყველაზე დიდი მტრები არიან.