ქვილითაია „აპოელს“ ერთი თვე ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ქვილითაია „აპოელს“ ერთი თვე ვერ დაეხმარება #1TVSPORT

ნიქოზიას „აპოელი“ სამშაბათს, 7 ივლისს საკუთარ სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრას ლარნაკას „აეკთან“ ჩაატარებს, მაგრამ გუნდს მხოლოდ მურთაზ დაუშვილი დაეხმარება.

კვიპროსული გამოცემა „სპორტ ტაიმის“ ცნობით, ნიქოზიელების მეორე ქართველი ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი გიორგი ქვილითაია გასულ სეზონში მიღებული ტრავმისგან საბოლოოდ ვერ განიკურნა, ჯერ ისევ რეაბილიტაციას გადის და სათამაშოდ მზად არაა.

„გიორგი ქვილითაია გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, რადგან ტრავმირებულია. მან რამდენიმე დღის წინ დატოვა ბულგარეთი, სადაც „აპოელი“ ახალი სეზონის წინ შეკრებაზე იმყოფებოდა. ქართველი ფორვარდი გამოჯანმრთელების სპეციალურ პროგრამას გადის ისე, რომ ზუსტად არ იცის, მოედანს როდის დაუბრუნდება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ქვილითაია სოფრონის ავგუსტისის გუნდს კიდევ ერთი თვე ვერ დაეხმარება“, – ამტკიცებს „სპორტ ტაიმი“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია დასრულებულ სეზონში დაშავდა და ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა საქართველოს ნაკრების ივნისი შეკრებაზე და გუნდს ერთა ლიგის მატჩებში ვერ დაეხმარა.

„აპოელი“ სეზონს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით გახსნის, სადაც ტოდორ ნედელევის „ბოტევს“ დაუპირისპირდება. 20 ივლისს კვიპროსელები პირველ მატჩს ბულგარეთში გამართავენ, ხოლო განმეორებითს 28 ივლისს ნიქოზიაში უმასპინძლებენ.