ქუთაისში სტადიონის განახლება იწყება - „ტორპედო“ ალტერნატიულ არენას ეძებს
ქუთაისში სტადიონის განახლება იწყება - „ტორპედო“ ალტერნატიულ არენას ეძებს

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ორი შეხვედრა გაიმართა და არენა რეკონსტრუქციისთვის დაიხურა.

არენაზე სამუშაობის განხორციელებაზე ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რადგან „რამაზ შენგელია“ მერიის ბალანსზეა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯებსაც ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს. სატენდერო წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება. ამ სამუშაოების ჩასატარებლად 500 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებს რომ შეესაბამებოდეს, მოცულობითი სამუშაოები დაიგეგმა – დაიწყება ვიპ და პრეს ლოჟის (60 ადგილზე იქნება გათვლილი), 30 ჟურნალისტსა და 20 ფოტოგრაფზე გათვლილი სივრცის, ასევე საკომენტატორო და საპრესკონფერენციო ოთახების განახლება, სტუმრებისთვის ახალი VIP სივრცე და „ტორპედოს“ ისტორიის საგამოფენო სივრცე მოეწყობა. მოწესრიგდება სველი წერტილები, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა ოთახები და სამედიცინო კაბინეტები – სტუმარი გუნდისთვის კი ცალკე სამედიცინო ოთახი.

ამას გარდა, სარბენ ბილიკზე კაუჩუკის ზედაპირი ხელოვნური საფარით შეიცვლება. ტრიბუნებზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება, ცენტრალურ შემოსასვლელთან 150 ავტომანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყობა. მსაჯთა და ფეხბურთელთა მოედანზე გასასვლელის გადაიხურება.

მოედნის საფარისთვის საჭირო ხარჯს სრულად ფეხბურთის ფედერაცია დაფარავს. ბალახის საფართან ერთად შეიცვლება სადრენაჟე და სარწყავი სისტემები. სტადიონის დირექტორი, თამაზ კიკვაძე იმედოვნებს, რომ სამუშაოები ივნისში დასრულდება და „ტორპედო“ ევროტურნირის მატჩებს საშინაო არენაზე ჩაატარებს.

მანამდე კი უცნობია, „ტორპედო“ საშინაო მატჩებს სად ჩაატარებს. სულ სამი ვარიანტია, კლუბი – „ტორპედოს“ წყალტუბოს განახლებულ არენაზე, სამტრედიას „ეროსი მანჯგალაძეზე“ ან ქუთაისის „აია არენაზე“ ითამაშებს