ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა
ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა.

ბრალდებულის ადვოკატის, ესმა ნორაკიას ინფორმაციით, საქმეზე ბრალი გადაკვალიფიცირდა. დაკავებულს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას. ადვოკატის თქმით, დაკავებული არ ეთანხმება ბრალს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სასამართლო პროცესი ბრალის წარდგენიდან 24 საათში ჩაინიშნება. ჯერჯერობით უცნობია, დააყენებს თუ არა დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას.

ესმა ნორაკია დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიას ეთანხმება და ამბობს, რომ მიზეზი ეჭვიანობა არ ყოფილა. რაც შეეხება გარდაცვლილის მეუღლის შესაძლო მონაწილეობას საქმეში, ადვოკატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

გარდაცვლილის ოჯახი დღეს დაზარალებულად ცნეს და დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცა.

შსს-ს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.