„ქუთაისმა“ თსუ-ს სძლია და სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია
„ქუთაისმა“ თსუ-ს სძლია და სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია

სუპერლიგის მე-3 ტური რეგიონებში დაიწყო. ბათუმსა და ქუთაისში პარალელურად 2 შეხვედრა გაიმართა, ხოლო ტურის დარჩენილი 3 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 1 ნოემბერს ჩატარდება.

რაც შეეხება დასავლეთში გამართულ შეხვედრებს, ორივე შემთხვევაში მასპინძელთა იოლი გამარჯვება დაფიქსირდა. თამაშის მსვლელობისას ორივე სტუმარს ჰქონდა გამონათებები და შესაბამისად, იმის შანსი, რომ წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა ისე იძალეს, ორივეგან დამაჯერებელი სხვაობები დაფიქსირდა.

 

ქუთაისი-თსუ

იმერულ წყვილში ერთმანეთს დაუმარცხებელი გუნდები – „ქუთაისი“ და თსუ ხვდებოდნენ, ხოლო აჭარაში მოგების არმქონე „ბათუმი“ და „მგზავრები“ დაუპირისპირდნენ. ქუთაისელებმა შეხვედრა შედეგიანად დაიწყეს – 26:6. თსუ-ს მწვრთნელმა წუთშესვენებები აიღო, მაგრამ ვითარების მყისიერად შეცვლა ვერ მოახერხა. უნივერსიტეტელები მეორე პერიოდის ბოლოს გააქტიურდნენ და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს.

კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია მესამე პერიოდში, რომლის მე-3 წუთზე თბილისელები მასპინძლებს 6 ქულით – 46:52 მიუახლოვდნენ. თითქოს თამაში გათანაბრდა და დაძაბული ბრძოლა უნდა წასულიყო, თუმცა მასპინძლებმა გუნდური თამაშის წყალობით 20-ქულიანი ლიდერობა მესამე პერიოდშივე დაიბრუნეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. ბოლო პერიოდში ქუთაისელთა უპირატესობა 20 ქულას გადასცდა და შეხვედრის დასკვნითი წუთები ფორმალობად იქცა. საბოლოოდ 97:69 და „ქუთაისი“ 3-დან 3 მოგებით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია.

გამარჯვებულთაგან 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 11-11 ქულა-მოხსნით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა, 18 ქულით კი ბომბარდირი დეჟუან რაითი გახდა. თსუ-ში 16 ქულა ჩააგდო ბრენდონ სლაიმ, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 12 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა.

 

ბათუმი-მგზავრები

ბათუმშიც თითქმის ანალოგიური სცენარი გათამაშდა. მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს პირველი და მეორე პერიოდები და დიდი შესვენებისთვის 48:33 დაწინაურდნენ, თუმცა მესამე პერიოდში „მგზავრებმა“ მოახერხა და დაწინაურდა – 53:50. სტუმრებმა დროის მოკლე მონაკვეთი 20:2 მოუგეს ბათუმელებს. ეს მესამე პერიოდის შუაწელში მოხდა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ინიციატვა დაიბრუნეს და შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, „მგზავრებისთვის“ შანსი აღარ მიუციათ.

შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ზღვისპირელთა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. ბათუმელებმა საბოლოოდ 93:81 მოიგეს, რაშიც ლომის წილი ბექა ბექაურს ეკუთვნის – 24 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი. 17-17 ქულა ლევან ბაბილოძემ და პეტარ არატინოვიჩმა მიითვალეს. 13 ქულა და ამდენივე მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩს ჰქონდა. „მგზავრებში“ 17 ქულითა და 17 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე, ოთარ პერტაიამ თავი 20 ქულას მოუყარა.