„ქუთაისმა“ საკალათბურთო სუპერლიგა ეფექტური გამარჯვებით გახსნა
„ქუთაისმა“ საკალათბურთო სუპერლიგა ეფექტური გამარჯვებით გახსნა

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო – საკალათბურთო სუპერლიგის 2020-2021 წლების სეზონმა სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17 ოქტომბერს, 2 მატჩით აიღო. პირველში ბრძოლა არ შედგა, ხოლო მეორე შედარებით დაძაბული გამოდგა.

 

ვერა-ქუთაისი 53:88

თავდაპირველად ერთმანეთს 5 დღის წინ დუდუ დადიანის მემორიალის მომგები „ქუთაისი“ და „ვერა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქუთაისელთა 35-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და მთელი თამაშის მანძილზე მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. იმერულმა კლუბმა პირველი ათწუთეული 25:4 მოიგო, შემდეგ კი მოპოვებულ უპირატესობას ნელ-ნელა ზრდიდა.

ვერელების 2 ლეგიონერი დარბაზში კი იმყოფებოდა, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ და გუნდს მხოლოდ თამაშის დღეს შეუერთდნენ. სამი ლეგიონერით გაძლიერებულ ქუთაისელებს არ გასჭირვებიათ მეტოქის ძლევა და ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს – 88:53.

23 ქულით ქუთაისელთაგან ბომბარდირი კაჰიმ რენსომი გახდა. აკაკი დვალიშვილმა 14 ქულა, 14 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. დეჟან რაიტის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. „ვერაში“ 15 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ვახტანგ ქადარია.

 

კაქტუსი-მგზავრები 75:71

მეორე შეხვედრაში „კაქტუსმა“ „მგზავრები“ დაამარცხა – 75:71. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. დასკვნით ეპიზოდში უფრო დამაჯერებლად არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაქტუსელებმა“ ითამაშეს და დამსახურებულ გამარჯვებასაც მიაღწიეს. არადა, „მგზავრებმა“ ბოლომდე იბრძოლა. თავიდან სოლიდური სხვაობით ჩამორჩენილმა ანგარიშიც გააბათილა და იგებდა კიდეც, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით „კაქტუსელებმა“ მოახერხეს კარგად დაწყებული საქმის გამარჯვებამდე მიყვანა.

აღსანიშნავია, რომ „კაქტუსელთაგან“ ქულები მხოლოდ ხუთმა მოთამაშემ – ხუთეულის წევრებმა მოიპოვეს. საუკეთესო იყო ეი სი სამბრი – 22 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი. სამაი ჰეინს-ჯონსმა 21 ქულა მიითვალა, ხოლო სანდრო სანაძის ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. მგზავრებში 20 ქულით საუკეთეო იყო სოსო გოგნაძე, 12 ქულა ჯეიდონ კოჰის ანგარიშზე დაგროვდა.

პირველი ტურის მომდევნო მატჩი 18 ოქტომბერს, თსუ-სა და „ბათუმს“ შორის გაიმართება. ხოლო დასკვნით ორ მატჩს ოლიმპიური სასახლე 21 ოქტომბერს უმასპინძლებს.