„ქუთაისმა“ 22 სამქულიანით საკალათბურთო სუპერლიგის რეკორდი დაამყარა
„ქუთაისმა“ 22 სამქულიანით საკალათბურთო სუპერლიგის რეკორდი დაამყარა

მიმდინარე სუპერლიგის ქულათა რეკორდი ქუთაისში დამყარდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა “ბათუმი” 37 ქულის სხვაობით დაამარცხეს. იმერული კლუბის მიერ ჩაგდებული 125 ქულა და 22 სამქულიანი უმეტესია მიმდინარე სუპერლიგაში.

ქუთაისელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა პორტუგალიელ ლეგიონერ ჟოელ ალმეიდას, რომელმაც მასპინძლებს 19 წუთში 20 ქულა მიაშველა. ალმეიდა 2018-19 წლების სეზონში “ტიტებში” თამაშობდა და საქართველოს სუპერლიგაში ადაპტაცია არ სჭირდებოდა.

ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 41:27 მოიგეს, რითაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გაარკვიეს. მეორე ათწუთეულში მასპინძლებმა უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს და შეხვედრის მეორე ნახევარს ფორმალური ხასიათი მისცეს.

საბოლოოდ 125:88 და ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვეს. მასპინძლებს 21 ქულით, 10 პასითა და 5 ჩაჭრით კაჰიმ რენსომმა ულიდერა. 20 ქულა ზემოთხსენებულმა ალმეიდამ ჩააგდო, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 16 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. “ბათუმში” 20 ქულითა და 8 მოხსნით ნიკოლა ვუიოვიჩი გამოირჩა. 21 ქულა ნემანია კაპეტანოვიჩმა, ხოლო 19 – ბექა ბექაურმა მიითვალეს.

სუპერლიგის უახლოესი მატჩი 22 დეკემბერს რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “დინამო” ჩავა.

gbf.ge

დატოვე კომენტარი