ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ნეიმარზე - რამდენიმე ვარსკვლავს ვიცნობ, მაგრამ ის საუკეთესოა
ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ნეიმარზე - რამდენიმე ვარსკვლავს ვიცნობ, მაგრამ ის საუკეთესოა

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელმა რიჩარდ ლუკამ ვრცელ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. როგორც გაირკვა, ქუთაისელთა ბრაზილიელი ლეგიონერი ახლოს იცნობს ბრაზილიელ ვარსკვლავებს, ნეიმარსა და დანი ალვეშს. „ბარსელონაში“ მისი ტრანსფერი რეალური იყო და ბოლო მომენტში ჩაიშალა.

„სან პაულუში“ კარგი სეზონი მქონდა. ამის შემდეგ „ბარსელონა“ დაინტერესდა. ჩემს აგენტთან ერთად ესპანეთშიც ჩავედი, მაგრამ ჩემი კონტრაქტი სხვა კლუბს ეკუთვნოდა, კლუბები კი ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ ეს ტრანსფერი არ შედგა“, – ამბობს რიჩარდ ლუკა.

ქუთაისელთა ლეგიონერმა ნაცნობი ბრაზილიელი ვარსკვლავები გაიხსენა.

„მქონდა ბედნიერება, რამდენიმე ვარსკვლავს შევხვედროდი – არა მხოლოდ ნეიმარს, დანი ალვეშსაც. არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებთან შეხვედრითაც ბედნიერი ვარ. ჩემთვის მათთან მეგობრობა და თამაში დიდი პატივია. გულწრფელად ვიტყვი, ბევრი ფეხბურთელი მომწონს, მაგრამ ჩემთვის სამაგალითო ნეიმარია, ის კარგი მეგობარი და ფეხბურთელია, რომლითაც ძალიან ვამაყობ“,- აცხადებს რიჩარდ ლუკა.

რიჩარდ ლუკა საქართველოზეც ლაპარაკობს.

„ძალიან მომწონს ქართული კულტურა, ხალხიც შესანიშნავია. შედარებით რთული ქართული ენაა, მაგრამ ყოველდღე ახალ სიტყვებს ვსწავლობ. საქართველოში ბევრი ლამაზი ადგილია, რომლებიც უნდა მოვინახულო”. განაცხადა ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელმა.