ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი - წელს გუნდი მხოლოდ ინვესტორის დაფინანსებით ცხოვრობს
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი - წელს გუნდი მხოლოდ ინვესტორის დაფინანსებით ცხოვრობს

ქუთაისის „ტორპედოში“ არსებულ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გუნდის პრეზიდენტმა ფაბიო მანინომ გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ გუნდთან დაკავშირებით ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„მიუხედავად მთელს მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისა, გასული თვის ჩათვლით კლუბის ყველა ფეხბურთელმა და თანამშრომელმა ხელფასი მიიღო. ჩემპიონატის ახალი ფორმატიდან გამომდინარე, ყველა კლუბის შემოსავალი შეიცვალა (მაგალითად, მატჩების ნაკლები რაოდენობა), დაწესდა სხვა შეზღუდვებიც, რამაც თითოეული კლუბის გეგმებში კორექტივები შეიტანა. საქართველომ ბევრი რეისი გააუქმა და უცხოელებისთვის მხოლოდ ჩარტერული რეისები ევროპის ორი ქალაქიდან ხორციელდება. ჩვენი პოტენციური სპონსორები კონტრაქტს ვერ აფორმებენ, ამიტომ წელს „ტორპედო“ მხოლოდ ინვესტორის დაფინანსებით ცხოვრობს“ – ამბობს მანინო.

მან უცხოელ მოთამაშეთა წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა:

„მხოლოდ ერთმა უცხოელმა ფეხბურთელმა (ვანია მარკოვიჩმა) განაცხადა უარი ანაზღაურების შემცირებაზე და მას სრულ ხელფასს ვურიცხავდით, თუმცა დღევანდელ დღემდე მას არც ხელფასზე უთქვამს უარი, არც უჩივლია. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ბედნიერი და კმაყოფილი იყო იმით, რომ „ტორპედოდან“ ფულს იღებდა. უკრაინელი ივან ბობკოს წასვლას რაც შეეხება – მისი შენარჩუნება გვსურდა და ხელფასთან დაკავშირებით მის მოთხოვნას დავეთანხმეთ, მაგრამ მან სამშობლოში გამგზავრება ისე გადაწყვიტა, ჩვენ არ შეგვითანხმდა. ამით მან კონტრაქტი დაარღვია და „ტორპედოს“ ინტერესებს კომპეტენტურ ორგანოში დავიცავთ“.

მანინოს თქმით, ლაშა კასრაძის წასვლას პრაგმატული მოსაზრებით არ შეეწინააღმდეგა:

„კასრაძემ მითხრა, რომ რუმინეთიდან და კოსოვოდან კარგი შემოთავაზება ჰქონდა. მითხრა, რომ მას იქ სამჯერ მეტ ხელფასს დაჰპირდნენ. ხელი არ შევუშალე – ვესაუბრე ჩვენს მწვრთნელებს და მისი გაშვება ვთხოვე. მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტა გადავწყვიტე, რადგან „ტორპედოსთვის“ უკეთესი იქნებოდა მისი პოზიციის ანდრო გიორგაძით შევსება, რომელიც უფრო ახალგაზრდაა და „ტორპედოში“ ჩარიცხვით მოტივირებულიცაა“.

„ტორპედოს“ პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოუსვლელობის მიზეზებზეც ილაპარაკა:

„ეს გამოწვეულია იმით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით რეისები გაუქმებულია. კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციების გამო, კარანტინის გავლის გარეშე სხვა ქვეყანაში გამგზავრების უფლება არ მაქვს. არსებული წესების თანახმად, კარანტინში უნდა ვიყო გამგზავრებამდეც და დაბრუნების დროსაც. ვიყიდე ბილეთები სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, მაგრამ ამ ქვეყნებშიც შეზღუდვებია და საქართველოსთან საზღვრები ჩაკეტილია. საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჩემს ინტერესს ვადასტურებ და ადგილობრივი ხელისუფლება ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ელის“.