ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი - იმ ფასად, რასაც არაბიძეში გვიხდიან, მისი დონის ფეხბურთელს ვერ ჩამოვიყვანთ და შესაძლოა, გუნდში დარჩეს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი - იმ ფასად, რასაც არაბიძეში გვიხდიან, მისი დონის ფეხბურთელს ვერ ჩამოვიყვანთ და შესაძლოა, გუნდში დარჩეს #1TVSPORT

გიორგი არაბიძე, შესაძლოა, ქუთაისის „ტორპედოში“ დარჩეს, – ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედომ“ ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ბიორნ იონსენი და ბრაზილიელი შემტევი ფელიპე პირესი დაიმატა, ხოლო გიორგი არაბიძე, დაანონსებული ტრანსფერის მიუხედავად, კვლავ ქუთაისელებთან ერთად ემზადება.

„დიახ, ვთქვი, რომ „ტორპედო“ განიხილავდა გიორგი არაბიძის გაყიდვას იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელ შემტევს შევიძენდით. ფელიპე პირესი ჩამოვიდა, მაგრამ აზრი მე პირადად შეცვლილი მაქვს. ჯერ გიორგისთან არ მისაუბრია, მაგრამ, შესაძლოა, დავიტოვოთ.

ბაზარზე არსებული მდგომარეობა რომ გავაანალიზეთ, იმ ფასად, რომელსაც არაბიძეში გვხიდიან, მისი დონის ფეხბურთელს ვერ ჩამოვიყვანთ, რადგან გიორგის საბაზრო ღირებულება, სამწუხაროდ, რეალურზე ორი-სამჯერ იაფად არის შეფასებული. გიორგისთან კონტრაქტი გვაკავშირებს, მას კი არ აქვს მოთხოვნა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დატოვოს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, არაბიძე შევინარჩუნოთ.

რაც შეეხება ლეგიონერებს, საქართველო და „ტორპედოში“ არსებული გარემო მოსწონთ და სჯერათ, რომ ჩამოსულები არიან გუნდში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი შედეგებისთვის იბრძოლებს. ასე ვიტყვი – მე არ გამიკვირდება, „ტორპედო“კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდეს და ყველამ ერთად გავიხაროთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დავით კერესელიძემ.