ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი დირკ შუსტერი - 3 ქულის მოპოვება მიხარია, მაგრამ ბევრი სამუშაო გვაქვს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი დირკ შუსტერი - 3 ქულის მოპოვება მიხარია, მაგრამ ბევრი სამუშაო გვაქვს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა ეროვნული ლიგის პირველ ტურში „გაგრასთან“ მოგებული შეხვედრა (2:1) შეაფასა და არ დამალა, რომ თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა.

„მიხარია, რომ პირველივე მატჩში 3 ქულა მოვიპოვეთ. გვქონდა პრობლემები, განსაკუთრებით პირველ 15-20 წუთში. შემდეგ უკეთ თამაში დავიწყეთ, ბურთი გავაკონტროლეთ, მომენტები შევქმენით და ტაიმი დამსახურებულად მოვიგეთ.

მეორე ნახევარმა აჩვენა, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს. რაც მახარებს, არის გუნდის სწორი რეაქცია გაშვებულ გოლზე. მთლიანობაში, დღეს გუნდმა იბრძოლა, მოვიგეთ და კმაყოფილი ვარ“, – ამბობს დირკ შუსტერი.

დირკ შუსტერი 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. „დარმშტადტს“ სათავეში მესამე ბუნდესლიგაში ჩაუდგა და ორ სეზონში ბუნდესლიგაში გადაიყვანა. ამას გარდა, წარმატებით თანამშრომლობდა „აუგსბურგთან“, „ერცგებირგესთან“ და ბოლოს, 2022-2024 წლებში „კაიზერსლაუტერნთან“, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ზედიზედ ორ სეზონში ათეულში ადგილი შეანარჩუნებინა.

ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის მეორე ტურში მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „იბერიას“ დაუპირისპირდება. მატჩი 5 მარტს თბილისში, „მიხეილ მესხის არენაზე“ გაიმართება.