ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ გუნდი განვავითაროთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა, დირკ შუსტერმა პირველი კომენტარი გააკეთა და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
„კლუბის ხელმძღვანელებთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა. დავათვალიერეთ ბაზა, სტადიონი, ქალაქი. აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროთასებზე თამაშის შესაძლებლობაა. კლუბის პრეზიდენტმა საკმაოდ კარგი პროექტი შემოგვთავაზა, მასთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ბედნიერი ვარ, რომ „ტორპედოს“ ვამზადებ.
გუნდმა გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, რაც „ტორპედოს“ მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ გუნდი კიდევ უფრო განვავითაროთ, დარწმუნებული ვარ, თუ თითოეული წევრი საერთო მიზნისთვის 100%-ით დაიხარჯება, წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა დირკ შუსტერმა.
დირკ შუსტერი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ ამხანაგურ მატჩს უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენლის, „ჩერკასის” წინააღმდეგ 13 თებერვალს გამართავს – მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.