ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - აგრესიული თამაში და მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცევა ვერ მოვახერხეთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - აგრესიული თამაში და მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცევა ვერ მოვახერხეთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე, რომელშიც მისი გუნდი ყაზახურ „აქტობესთან“ დამარცხდა (1:4) და შემდეგ ეტაპზე გასვლას, ფაქტობრივად, დაემშვიდობა.

„ჩვენი სათამაშო სტრატეგია აგრესიულ თამაშს და მეტოქის აქტიურ პრესინგს გულისხმობდა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ფლანგის მცველებიც შეტევას ვერ ეხმარებოდნენ, საკმარისი მოძრაობა და ტემპი არ გვქონდა. მეორე ტაიმში უფრო სწრაფად ავთამაშდით და პირველ 20 წუთში ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა მათი უმრავლესობა ვერ გამოვიყენეთ. მერე შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. ასეთი წაგების გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

მსაჯის გადაწყვეტილებებს რაც შეეხება – შესაძლოა, სხვას მის ნაცვლად ჩვენს კარში პენალტი არ დაენიშნა, ხოლო არაბიძის ეპიზოდის დროს ზოგიერთი არბიტრი პენალტს ნიშნავს, ზოგიც – არა. მსაჯების გადაწყვეტილებებზე საუბარი არ მჩვევია.

ჩვენი მიზანია, ყაზახეთში ძალიან დიდი ძალებით შევუტიოთ და სწრაფი გოლის გატანას პირველივე წუთებიდან შევეცადოთ. ამ ორმატჩიანი შეხვედრის ბედის შემოსატრიალებლად სხვა გზა არ დაგვრჩენია“, – განაცხადა სტივ კინმა.

ქუთაისის „ტორპედო“ „აქტობესთან“ საპასუხო შეხვედრას აქტობეში 3 აგვისტოს ჩაატარებს.