ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - „შერიფთან“ წაგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - „შერიფთან“ წაგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ

ქუთაისის „ტორპედომ“ ტირასპოლის „შერიფთან“ გასვლით შეხვედრა 0:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა და წაგებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„ყოველ წაგებულ მატჩში, უპირველესად, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა – პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები მე დავუშვი. თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ვულოცავ “შერიფს” ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპალიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით. მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა”,- განაცხადა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც ფარერების გუნდს, „ვიკინგურს“ შეხვდება.