ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი სეზონიდან დირკ შუსტერი გაწვრთნის #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი სეზონიდან სამი წლით გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„დირკ შუსტერი 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. იგი გამოირჩევა მცირებიუჯეტიან გუნდებში მუშაობისას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევით.
შუსტერი „დარმშტადტს“ სათავეში მესამე ბუნდესლიგაში ჩაუდგა და ორ სეზონში ბუნდესლიგაში გადაიყვანა. ამას გარდა, ის წარმატებით თანამშრომლობდა „აუგსბურგთან“, „ერცგებირგესა“ და ბოლოს, 2022-2024 წლებში „კაიზერსლაუტერნთან“, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ზედიზედ ორ სეზონში ათეულში ადგილი შეანარჩუნებინა.
დირკ შუსტერმა „ტორპედოში“ დანიშვნის შემდეგ ხაზი გაუსვა იმ ნდობას, რაც მასა და გუნდის მენეჯმენტს შორის პირველივე შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო გადამწყვეტი როლი იქონია პროექტის მასშტაბმა და იმ შესაძლებლობებმა, რაც „ტორპედოს“ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას უკავშირდება.
მისი ასისტენტი საშა ფრანცი იქნება, რომელთან ერთადაც ის, 12 წელია, თანამშრომლობს. „ტორპედო“ მარბელაში ახალი სეზონისთვის მზადებას გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით განაგრძობს“, – წერია „ტორპედოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.